ხალისიან, ენერგიულ მომღერალ მზია გეწაძეს ცხოვრების ურთულესი გზა აქვს გამოვლილი. ის თავის პროფესიასა და ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრა:
– რა ასაკიდან მიხვდით, რომ ცხოვრებას მუსიკას დაუკავშირებდით?
– პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ მომღერალი გავხდებოდი. პირველად ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე, ბაღის ზეიმზე გამოვედი – ალბათ, 4-5 წლისა ვიქნებოდი, მაგრამ ეს გამოსვლა გუშინდელივით მახსოვს. ისიც მახსოვს, რა დიდი მომეჩვენა ქუთაისის ოპერის თეატრი და თავიდან ცოტა ავღელდი, მაგრამ მერე ჩვეულებრივად შევასრულე სიმღერა. ყველა ამჩნევდა, რომ მუსიკის ნიჭი მქონდა, ამიტომ მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, პარალელურად სკოლის გუნდშიც ვმღეროდი. ქუთაისში ცხოვრობს ძალიან კარგი ლოტბარი – სულიკო ვეფხვაძე, რომელიც ამ გუნდს ხელმძღვანელობდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სხვათა შორის, მისი გამორჩეული, საყვარელი მოსწავლე ვიყავი. გუნდის რეპეტიციები დილის 8 საათზე გვქონდა, 9-ზე კი გაკვეთილები გვეწყებოდა. რეპეტიციაზე არასდროს ვაგვიანებდი, რადგან გუნდის სოლისტი ვიყავი, პარალელურად მუსიკალურ სკოლაშიც ვსწავლობდი, რის შემდეგაც მოვხვდი ძალიან კარგ ბიგ-ბენდში “ალიონი”. მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ებრალიძე იყო. საბოლოოდ, სწორედ ამ ანსამბლში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ მუსიკის შესწავლა უნდა გამეგრძელებინა. მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე და ჩემი მომავალი საესტრადო მუსიკას დავუკავშირე.
– თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ოჯახი სრულიად შემთხვევით შექმენით, ეს როგორ მოხდა?
– 1994 წლის დეკემბერში გავთხოვდი. ეს შემთხვევითი ქორწინება იყო, როცა იცი, რომ ან გაგიმართლებს, ან – არა. იმ ოჯახში სტუმრად ვიყავი და დამიტოვეს, მეც დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უსიყვარულო ქორწინება იყო… ოჯახი 3 წლის შემდეგ დამენგრა, მაგრამ მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ: მყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომლის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა და 4 წლის შვილიშვილი, რომელიც ყოველდღე მაოცებს.
– რა იყო მეუღლესთან დაშორების მიზეზი?
– როგორც გითხარით, ეს ქორწინება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, თანაც, ჩემი ქმარი ერთი წლით საზღვარგარეთ წავიდა. ისედაც არ გვქონდა იდეალური ურთიერთობა და ამ დაშორებამ ყველაფერი გააცივა. ახალმოყვანილ ცოლს ერთი წლით რომ მიატოვებ უცხო, ქალაქში, უცხო ხალხში, ეს კარგი ნამდვილად არ არის. სამი წელი ვცხოვრობდი რუსთავში, მეუღლის ოჯახში, მერე კი ერთმანეთს დავშორდით და ქუთაისში დავბრუნდი. ყველაზე უსიამოვნო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ამის შემდეგ დაიწყო.
– რატომ?
– ბევრმა მესროლა დაუმსახურებელი ტალახი და ჩემმა ნათესავებმაც არ მიიღეს ის ფაქტი, რომ ოჯახი დავანგრიე. თანაც, ეს ხდებოდა 90-იან წლებში, როცა ქალის უფლებები საქართველოში საერთოდ დაუცველი იყო და ოჯახში ქმარს გაშორებული შვილის, დის ან ახლობლის ყოფნა არავის უნდოდა, მით უმეტეს, ისეთ ტრადიციულ ქალაქში, როგორიც ქუთაისია: იქ დღესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რას იტყვიან მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები… იმ წლებში გათხოვილი ქალის წამოსვლა ქმრის ოჯახიდან დიდ სირცხვილად მიაჩნიათ. ამის გამო გავძელი მეუღლის ოჯახში 3 წელი, მაგრამ როცა მივხვდი, იქ აღარ დამედგომებოდა, გავცილდი. ეს ჩემთვის დიდი სტრესი და განსაცდელი იყო, რომელიც რთულად გადავიტანე: დამემართა დეპრესია, ნევროზი, სახლიდან ვეღარ გამოვდიოდი და ურთულეს სიტუაციაში ვიყავი. წლების განმავლობაში ვერ მოვიცილე ის ლაქა, რომელიც სხვების თვალში მქონდა და ვერც ქმარს გაცილებული ქალის ნიშა, რასაც ქუთაისში დიდ ყურადღებას აქცევდნენ. თბილისში ასე არ ხდება: ქალი ქმარს გაშორდება და ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებს, მე კი ეს ტრავმა წლების განმავლობაში გამყვა. სანამ სპეციალისტს არ მივმართე და ფსიქოლოგმა მდგომარეობიდან არ გამომიყვანა, ძალიან ცუდად ვიყავი.