ზაფხულის სეზონზე, მაშინ, როცა გარეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, ბევრი მშობელი ცდილობს, შვილებს გაგრილების საშუალება მისცეს. ამ მიზნით, ბავშვები ზღვაზე, მდინარეზე, აუზზე მიჰყავთ. თუმცა, არსებული რისკები და საფრთხეებიც გასათვალისწინებელია. წელს არაერთი შემხვევა გახმაურდა, როცა ბავშვი აუზში ან მდინარეში ჩავარდა და გადარჩენა დასჭირდა.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვი ცურვაზე შეიყვანოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სპორტი მისი ჯანმრთელობისათვის, ასევე, რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ – აქტუალურ თემაზე საქართველოში ცურვის განვითარების მენეჯერი, დავით გელაშვილი გვესაუბრება:
– ბავშვის ცურვაზე შეყვანა ადრეული ასაკიდან, 4-5 წლიდანაა რეკომენდებული. ცურვა ჯანმრთელობისთვის ნომერ პირველი სპორტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ჩამოყალიბებისა და ბავშვის გაკაჟებისთვის. ასევე, ბავშვებს მოძრაობის კოორდინაციაში ეხმარება. რაც შეეხება რისკებს, თუ ბავშვი ქლორის მიმართ ალერგიულია, მაშინ უმჯობესია, ისეთ აუზზე ატაროთ, სადაც ქლორი არ არის, ან ნაკლები რაოდენობითაა.
– ბოლო პერიოდში, სულ უფრო მეტი სამწუხარო შემთხვევა გვესმის, რომ ბავშვი აუზში, მდინარეში, ზღვაზე დაიხრჩო – მიეცით მშობლებს რჩევები, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან აირიდონ?
– ბავშვი მარტო არ უნდა შევუშვათ ისეთ წყალში, სადაც ფეხს ვერ დგამს. ასევე, აუცილებელია ბავშვს წყლის სიახლოვეს ყოფნის დროს მუდმივად ხელზე ეკეთოს სამაშველო სამკლაურები.
ბავშვი უნდა მოვარიდოთ ისეთ საცურაო სივრცეს, სადაც ბანაობა არ არის ნებადართული. აგრეთვე, ისეთ ადგილებს, სადაც წყლის დინება ჩქარია.
ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზღვაზე, ტბაზე, სადაც ფსკერი ერთი დონის არ არის და ცვალებადი სიღრმეებია, ბავშვი შესვლას უნდა მოვარიდოთ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
სამაშველო ჟილეტები, რა თქმა უნდა, პატარას იცავს, მაგრამ ასევე არც ერთი წუთი არ შეიძლება ბავშვი აუზში, ზღვაზე მეთვალყურეობის გარეშე დავტოვოთ, განსაკუთრებით იქ, სადაც წყალი მისთვის ღრმაა და ფსკერზე ფეხს ვერ ადგამს.
ბავშვისთვის, რომელმაც ცურვა იცის, ღრმა წყალში ჩასვლა ნებადართულია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.
– რა რისკები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც შვილი ზღვაზე, მდინარეზე მიჰყავს დასასვენებლად?
– გასათვალისწინებელი რისკებია: წყლის ტემპერატურა, ღელვა, სიღრმე, ცვალებადი და სწრაფი დინებები (როგორც ქვედა, ასევე ზედა დინებები), წყალქვეშა მცენარეები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთ ადგილას ცურვა, სადაც ახლოს მდინარე შემოედინება.
– როგორი საცურაო კოსტიუმის შერჩევა ჯობს, რომ ბავშვმა თავი კომფორტულადაც იგრძნოს და ამავდროულად, უსაფრთხოც იყოს?
– მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ მსუბუქი საცურაო კოსტიუმი,რომელსაც წყალი ნაკლებად დაამძიმებს.
– რამდენად საჭიროა, ყველა აუზს ჰყავდეს მაშველი და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი წყალში ჩავარდა?
– მაშველი ყველა აუზს უნდა ჰყავდეს. სასწრაფოს მოსვლამდე კი უწყვეტად, კვალიფიციურ პირველად დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
წყარო: mshoblebi.ge