რამდენიმე დღის წინ მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ახალშობილი ბიჭი, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინასთან დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბარბარე ამირბარი ავრცელებს. ჩვილი სწორედ ბარბარე ამირბარის სახლის კართან დატოვეს.
„ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ამიტომ მეც დავწერ იმას რისი დაწერაც გუშინ მინდოდა და ვერ შევძელი.
გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, გუშინ დავფიქრდი კიდევ უფრო ღრმად ჩვენს ცხოვრებაზე.
ყოველი წამი თქვენს საყვარელ ადამიანებთან გატარებული არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. იმის შესაძლებლობა, რომ მე და ბექა გაბრიელს ვზრდით, გვიყვარს, ვაჭმევთ და ვეფერებით, ყველაფერს ვაძლევთ რაც შეგვიძლია, ყოფილა ბედნიერება და არა ჩვეულებრივი მოვლენა, როგორადაც წარმოგვიდგენია ხოლმე.
გული ახლაც ისე მიცემს, ისე ვიწვი შინაგანად, რომ რთულია გადმოვცე.
კართან ბავშვის ტირილი – გავრბივართ და 1 თვის (შეიძლება არც) უსუსური ბავშვია ჩვენს წინ….
მეც დედა ვარ, იმწამსვე ჩავიხუტე და დაიძინა….(ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ)
პოლიციამ წაიყვანა, კარგად არის.
არ ვიცი, როგორ ან რანაირად მაგრამ, თუ კითხულობ ჩემს პოსტს, შემეხმიანე. აბსოლუტურად ყველა გვერდში დაგიდგებით და გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას… შენ სჭირდები, დედა სჭირდება…
18 სექტემბერი, შემთხვევა მოხდა საბურთალოზე” – წერს ბარბარე ამირბარი.
„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩვილი კლინიკაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
„ახლა, მიმდინარეობს რიგი პროცედურები, პირველ რიგში, უნდა დამზადდეს დაბადების მოწმობა, ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელია – აცხადებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის უფროსი სოციალური მუშაკი მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილის საქმეზე შსს-მ გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. ახალშობილი იაშვილის კლინიკაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: primetime.ge