13 წლის გოგოს, რომელიც მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თბილისში, ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა მომხდარის შესახებ მეგობარს უამბო, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.
როგორც ირკვევა, გოგონა დედამ წლების წინ მიატოვა, იგი ბებიასთან ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.
“აღნიშნული მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით ის ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.
რვა თვეა გოგონას ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზრუნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო და შემდეგ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, სტუმრად მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი თაკო აბაშიძე.