ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი წლისთვის კვლავ ინფიცირების პიკური პერიოდები გვექნება.
“შეზღუდვების ფონზე არსებული სტაბილიზაციის და კლების დინამიკა დამშვიდების არანაირი საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ გთხოვთ ყველას, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. ვიყოთ წელს ბევრად მოკრძალებული, იმიტომ რომ საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან, პანდემიაა და ჩვენთან სერიოზული ეპიდემიაა.
ხაზს ვუსვამ სტაბილიზიაცია არის, თუმცა შეიძლება, ეს ყველაფერი ჩავყაროთ წყალში, თუ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვები შემსუბუქდა და მოხდა იგივე, რაც “შავ პარასკევს” იყო; შეიძლება ამან ახალ წელს მოგვცეს შემდგომი პიკები და ისევ დამძიმდეს მდგომარეობა საავადმყოფოებში და დამძიმდეს ავადმყოფების სტატუსი ანუ უფრო მეტი მძიმე ავადმყოფი გვყავდეს.
უმორჩილესი თხოვნა მაქვს საზოგადოებასთან, რომ წლევანდელი ახალი წელი გავიაროთ ბევრად მოკრძალებულად, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ