ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მოკლული მამაკაცი მინდია მაწკეპლაძე. მამათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, რომლებიც მისი ნაცნობები იყვნენ და დანით 17-მდე ჭრილობა მიაყენეს.
კონფლიქტი მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 35 წლის მამაკაცმა აღნიშნული ადგილი დატოვა და სახლში ბრუნდებოდა.
“ფაქტს რომ შევხედე არ მინდა ასეთი შვილი მყავდეს. არ გამიზრდია ასეთი. სულ ერთად იყვნენ. დამირეკეს, სამსახურიდან მოვდიოდი, ჩხუბობენო, გზად პატრულიც შემხვდა, მოჩხუბარი ბავშები ასე როგორ მიატოვა. მოვკიდებდი რომელიმეს ხელს, ხომ შეხედა ნასვამი რომ იყვნენ, წავიყვანდი და აღარ მოხდებოდა ასეთი საცოდაობა. ამთ უთქვამთ, ჩვენ შევრიგდითო და წასულან ისინი“, – ამბობს დაკავებული 18 წლის ბიჭის დედა “ტვ პირველთან”.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობას 11 ადამიანი იღებდა. გარდაცვლილი კაცის ცხედარი სახლშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.