მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დავით ჯეჯეიშვილს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი შემთხვევით „ხელის მხარზე გაკვრამ“ გამოიწვია.
ინციდენტის შემდეგ დაპირისპირებული ახალგაზრდები წვეულების ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გავიდნენ, სადაც მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა.
ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.