3 მარტს, დედის დღეს, მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის დროს მომხდარი სევდიან ისტორია გაიხსენა:
“ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც დიდი სევდა დამიტოვა და უკვე თითქმის 32 წელია რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს…
ეს იყო სოხუმის დაცემის მერე… უამრავი დევნილი თბილისს მოაწყდა… ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მთხოვა სატუმრო “ივერიაში” უახლოესი დევნილი ოჯახი დასახლდა და სურსათ-სანოვაგე და აუცილებელი პირველადი დახმარების ნივთები ერთად მიგვეტანა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და ვეწვიეთ დატვირთულები. კარები გაგვიღო ულამაზესმა შავებში ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა, სევდიანი ღიმილით გაგვიღიმა და ბევრი მადლობებით მიგვიპატიჟა. სატუმროს ნომერში კიდევ მისი მეუღლე და რამდენიმე დევნილი იყო. საზარელი ისტორიები მოვისმინე, ისე ჰყვებოდა მისი შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა და ძალიან ბევრს ეწეოდა და არც ერთხელ არ გამოუხედავს…
ყველაზე დიდი კულმინაცია იყო ის, რომ შვილმკვდარმა დედამ, ბოლო წინადადება მითხრა: “ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის?! – სახლი რომ იწვოდა, ვერ მოვასწარი ჩემი ოჯახის ფოტოების ალბომი ამეღო, არცერთი შვილის და ჩემი ბედნიერი ცხოვრების ამსახველი არაფერი დამრჩა”- ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო მეგონა კედლები გასკდებოდა…
ეს ომის საშინელების ამსახველი ერთი ისტორიააა, ეხლა როცა უკრაინას ამდენი დევნილი ჰყავს, ამდენი შვილმკვდარი დედა… გახსენებაც მზარავს!!!
დღეს დედის დღეა, ჩემი ლამაზი დედაც დიდ ტკივილს ატარებს, სახლი ჩემი დიანას და დათოს ფოტოებით აქვს მოჭედილი, სულ საყვედურს ვეუბნები, რად გინდა ამდენი ფოტო ერთად გამოფენილი-მეთქი, ეღიმება… მეშინია არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო… რაც დრო გადის კიდევ უფრო მესმის იმ ტრაგიკული დედის დარდი, რომელსაც არცერთი ფოტო არ დარჩა გარდაცვლილი შვილების…
ყველა დედა მინდა ბედნიერი იყოს და მათი შვილების ბედნიერებით იხარონ, დედის დღეს გილოცავთ”, – დაწერა დალი ჩიტალაძემ “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე და ურთავს ფოტოს.