არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ,- ასე მიმართა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან მოქალაქეებს.
“მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ – არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის აღნიშნულ მიმართვას, “ტაბულას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“წარსულის მონატრება ვისთვისაც მოტივატორია, ის ხალხი არ ყოფნის ბიძინას დამარცხებას. ამომრჩევლის მოტივატორი არის მომავალი.
მე არ მენატრება წარსული (რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ცუდიან კარგიანად).
მე მინდა მომავალი – თავისუფლება, და უკლებლივ ყველა მოქალაქის სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება (ყველა უმცირესობის, მათ შორის “ჩამოთრეულების” ჩათვლით).
მე მინდა დანაწილებული ძალაუფლება და ურთიერთკონტროლი.
ეს გზა მიმაჩნია უალტერნატივოდ.
მარტო ეს მიმაჩნია წინსვლის გზად!
აი, ეს მინდა მე, ესაა ჩემი მოტივატორი და არა წარსული”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული სხდომას თავად პირველად ესწრება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.