ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან, გლდანის ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაყვანის კადრებზე წერს, რომ მისი გასაჯაროებით ხელისუფლებამ უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა.
“ეს დღეებია სულ ის წარმოუდგენელი კადრები მახსენდება, როგორ მიათრევენ ნაშიმშილებ, მოტყუებულ, ტანსაცმელშემოხეულ საქართველოს პრეზიდენტს ციხის დერეფანში, შემდეგ ძირს აგდებენ და ხროვად ადგანან თავზე. მარტო ვარ, მაგრამ საოცრად მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო და კითხვები მომდის: ღმერთო, ეს რა ჩაიდინეს? ეს როგორ დაუშვეს? ეს რა იკადრეს და როგორ საქვეყნოდ თავი მოჭრეს საქართველოს.
წარმოიდგინეთ, ეს სამარცხვინო კადრები ნახეს მილიონებმა უცხოეთში, ნახეს ჩვენმა მტრებმა, დაგვცინეს, ბოროტად გაიხარეს ჩვენს სიბრიყვეზე და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ეს კადრები ნახა საქართველოს მომავალმა – ჩვენმა ახალგაზრდებმა, მოზარდებმა და ბავშვებმაც კი. ეს არის ყველაზე ტრაგიკული ამ კადრების გასაჯაროვებაში, რომ საქართველოს მომავალმა თაობამ ნახა ეს უსირცხვილობა, ეს უღირსი შურისძიება და საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ასეთი სულმდაბალი შეურაცხყოფა. ქართველებმა ესეც დაუშვეს. საქართველოს წინაშე უპატიებელი და ჩამოუხოცავი დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ ამ კადრების გასაჯაროებით.
ეს რა იკადრეს?!”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.