„პრაიმტაიმმა“ახალი დეტალები გაარკვია სკანდალურ თემაზე, რომელზეც გუშინ ვწერდით. საქმე ძალადობაში მხილებულ რძალს ეხება – ის ფიზიკურად 96 წლის მამამთილსა და მის ადვოკატს გაუსწორდა, რის გამოც, მოძალადე ქალს სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
როგორც ირკვევა, მოძალადე ქალბატონი თიანეთის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგია. მოხუც მამაკაცს თავზე ნაკერები აქვს. ამბობს, რომ შვილმა წააქცია და თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამბობენ, რომ მოხუცი უკვე ძალიან დასუსტებულია, ხოლო რძალი ადვილად ერევა. აქამდე, თუ ძალადობის საქმეში მხოლოდ რძალზე საუბრობდნენ, ახლა უკვე, ვაჟიც ჩნდება…
რაც შეეხება ადვოკატს, მას ყურზე ჩალურჯებები აქვს. როგორც საქველმოქმედო ფონდის „ერთობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მაკა ხეცურიანი ამბობს, მოხუცმა მას უთხრა, რომ სახლში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ და სცემენ.
„რძალი ქმარს ულტიმატუმის წინაშე აყენებს, ან მამამთილი მოაშოროს, ან ის ქმრის ოჯახს დატოვებს. ის სახლიდან გააგდეს და საძროხეში მიუჩინეს ადგილი, ცოტა ხანს ბოქლომით ჩაკეტილიც კი ჰყავდათ. ასეთმა ასაკოვანმა კაცმა საკუთარი ხელით გომურში ქვა და ღორღი შეიტანა, რათა საქონლის სამყოფელსა და თავის „საცხოვრებელს“ შორის კედელი აეშენებინა.
სანამ ვარდო თათარაშვილი ძალიან მოხუცდებოდა ბევრი პირუტყვი ჰყავდა. რძალი სწორედ მისი განვლილი ცხოვრებით ხსნის მამამთილის გომურში ცხოვრებას. ამბობს, რომ მამამთილი მთელი ცხოვრება მწყემსი იყო და ძროხებთან ერთად ცხოვრება მოსწონსო.
ეს ქალბატონი პედაგოგია. მან კარგად იცის, როგორ უნდა მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა ისე, რომ ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდეს. როგორც ამბობს, საზარდულში ფეხი ამოარტყა და მუცელში მუშტს ურტყამს. სამწუხაროდ, ამ მამაკაცის დანარჩენი შვილები ემიგრაციაში არიან. მოხუცი დეტალურად ხსნის და იხსნებეს, როგორ სცემენ მას. როცა რძალი უახლოვდება, ყვირილს და ნერვიულობას იწყებს, ალბათ მიჩვეულია მუდმივ ცემას და ეშინია.” – ამბობს მაკა ხეცურიანი.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ არის ცნობილი, მაკა ხეცურიანის თაოსნობით, მოხუცს ტანსაცმელი უყიდეს. ახლა, 96 წლის კაცი ამავე ფონდის მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. მას საკვები, ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები უკვე გადასცეს. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მათ 30 დღით მოხუცთან მიახლოება აეკრძალათ.
წყარო: “პრაიმტაიმი”