19 აგვისტოს, ფერისცვალებას ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა – სასულიერო ცხოვრებაში ის დედა ქეთევანია.
ნორა კვიციანმა ambebi.ge-სთან ისაუბრა, რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება.
ფერისცვალებას სახლში აღვიკვეცე მონაზვნად. ალბათ გაგებული გექნებათ, რომ ავად ვარ, სხივები მაქვს გაკეთებული და ამან ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. ჩემი ამდენი წლის ტანჯვამ თავისი შედეგი გამოიღო – დავსნეულდი…
ციხიდან როცა გამოვედი, მეუფე იობმა ჩემთან ბერები გამოაგზავნა (უკვე დაავადებული ვიყავი) და შემომითვალა, წამოვიდეს დედათა მონასტერში და წინამძღვრად გავუშვებთო. ვუთხარი, ჯერ მზად არ ვარ, ძალინ დიდი პასუხისმგებლობაა-მეთქი, ვერ გავბედე და უარი ვუთხარი. დრო გავიდა, მას მერე ბევრი რამ გადამხდა, ავარიაშიც მოვყევი …
ახლა, როცა ასეთი დაავადება აღმომაჩნდა, ვინანე, თავის დროზე რატომ არ აღვიკვეცე-მეთქი… მერე, ღვთის ნებით, თვითონ გამიჩნდა ამის სურვილი. ვინანე კიდეც, ამდენჯერ მქონდა შემოთავაზება და რატომ აქამდე არ გადავდგი ეს ნაბიჯი.
მამა გიორგი გურჩიანს (ჩემს მოძღვარს და კოდორის ხეობის მამათა მონასტრის წინამძღვარს) ძალიან გაუხარდა ჩემი ეს გადაწყვეტილება, პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა მეუფეს, მეუფემ მამა გიორგის მისცა ნება თვითონ გადაეწყვიტა ყველაფერი და მანაც მონაზვნად აღმკვეცა. მამა გიორგიმ კარგად იცოდა ჩემი ცხოვრება, ამიტომ წმინდა მოწამე ქეთევანის სახელი მიწოდა. ამიერიდან სასულიერო ცხოვრებაში დედა ქეთევანი ვიქნები.
რა დღეები გამოვიარე, ჩვენი ტერიტორიის – კოდორის დაცვის გამო დავისაჯე და 7 წელი ციხეში გავატარე, თან როგორი ციხე, კატორღა უფრო იყო, რამდენი ვიტანჯე და ვეწამე… ფილტვის სიმსივნე დამიდგინდა და ჩემი განვლილი ცხოვრების შედეგია. გადავწყვიტე და დღეს მონაზვნად აღვიკვეცე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, ბედნიერია ყველა ჩემიანი, ოჯახის წევრები, მთელი საგვარეულო… ჯერ სახლში ვიქნები და მერე, თუ ღმერთმა ინება, რა კურთხევასაც მამა გიორგი მომცემს, ისე მოვიქცევი. მამა გიორგის აქვს მამათა მონასტერი კოდორის ხეობაში, ის მას აფართოებს და დედათა მონასტერსაც აკეთებს. უფლის ნებაა ყველაფერი, თუ ფეხზე დამაყენა და გამიხანგრძლივა ცხოვრება, კოდორში წავალ, ბევრი მსურველია, შემომიერთდნენ და ჩემთან ერთად იყვნენ.
ამაზე უკეთესი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. 21 წელი გავიარე ჯოჯოხეთი, ტანჯვა-წამება. ჩემებმა ეს რომ გაიგეს, ყველანი ტიროდნენ. ახლა თეთრ კაბაში ვწევარ, ასე უნდა ვიყო 40 დღე, ამასთან, მდუმარებაში და ლოცვაში უნდა გავატარო ეს პერიოდი. მერე მონაზვნის სამოსს ჩავიცვამ. დალოცვილი იყავით ღვთისგან და ჩემგანაც. დიდი, დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ და დაინტერესდით ჩემით”, – ამბობს ის.