საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვით, 1 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება ან მსუბუქდება, “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ირონიული სახის პოსტით ეხმაურება:
“გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა!”
ფაქტობრივად, საქართველოში მოხსნეს ყველა რეგულაცია: არაკოვიდსასტუმრო, არა დეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა… გუგუნებს საქართველო!
არადა, ერთი დიდი კოვიდსასტუმროა მთელი ქვეყანა
ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იხსნება ან მსუბუქდება შემდეგი რეგულაციები:
საქართველოში შემოსვლა შეეძლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, თუ გაკეთებული ექნება PCR ტესტი ან იქნება ვაქცინირებული;
აუცრელ ან PCR ტესტის არმქონე საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას, 8-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 5 დღე მოუწევს იზოლაციაში ყოფნა;
კვების ობიექტებში, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაჯდომა, 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება, ღია სივრცეში კი – 10-ის ნაცვლად 15-ს;
კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე შეზღუდვა აღარ იქნება;
მოიხსნა შეზღუდვები ქელეხების, ქორწილებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვაზე;
გაუქმდება კოვიდსასტუმროები და მასში პაციენტებს 22 თებერვლის შემდეგ აღარ შეიყვანენ;
უქმდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
4 მარტიდან ღამის კლუბებს შეეძლებათ სივრცის 60 პროცენტის დატვირთვით მუშაობის განახლება;
15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაზე ყოველგვარი შეზღუდვები იხსნება.
“საბჭო კვლავ განაგრძობს მუშაობას და, შესაძლოა, 1 მარტიდან ეს შეზღუდვების მოხსნა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე”, – აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.