შორენა ხელაძე, მშობელი:
– შვილი ხუთი წელი არ მყავდა. სად არ ვიარე, როგორ არ ვიმკურნალე… საბოლოოდ, ექიმებმა დამარწმუნეს, რომ პატარა არასოდეს მომეცემოდა. მე და ჩემი მეუღლე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მივედით და მამა მერაბს ჩვენი გულისტკივილი გავანდეთ. მაშინვე გვითხრა, თქვენ აუცილებლად მოგცემთ უფალი შვილსო და თან მისივე დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გაგვატანა. იმ დღიდან ჩემმა მეუღლემ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დაიცვა შობის მარხვა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მამა მერაბმა გვითხრა, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გიკურთხებთ და მალე ორსულობის ამბავსაც შეიტყობთო. ზუსტად მახსოვს, 25
იანვარი იყო როცა სახლი გვიკურთხა. რამდენიმე დღეში კი გავიგე – ფეხმძიმედ ვიყავი. თანაც, ღვთის მადლით, ორსულობამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. არადა, სრულად მქონდა დაზიანებული მილები. ამას ახლდა კიდევ სხვა პრობლემები, რაც ექიმების თქმით, ჩემს ორსულობას აბსოლუტურად გამორიცხავდა. ეს იმდენად შეუძლებელი იყო, ექიმი ხელოვნურ განაყოფიერებასაც კი არ მირჩევდა. გაოცდნენ, როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყვეს. მამა მერაბი მუცელზე ხელს მადებდა, ჯვარს მსახავდა და თან ლოცვას მიკითხავდა ხოლმე…
ხათუნა მაყაშვილი, მშობელი:
– შვილი რვა წელი არ მყავდა. როცა უფალმა ინება და დავფეხმძიმდი, ექიმთან ერთ-ერთ ვიზიტზე მითხრეს, რომ ბავშვი არ სუნთქავდა და მეორე დღეს აბორტისთვის დამიბარეს… მაშინ მამა მერაბი ტაძარს აგებდა და შეწირულობაზე თავად დადიოდა. საღამოს კარზე ზარი გაისმა.
გავაღეთ. მამა მერაბი იდგა. ვუთხარით ჩვენი თავზარდამცემი ამბის შესახებ. შემოვიდა და მთელი ღამე ლოცვები მიკითხა, დილამდე არ დაგვტოვა. მეორე დღეს ექიმთან წავედი და მითხრეს, რომ ბავშვი სუნთქავდა…
ნათია, მშობელი:
-19 წელი შვილის ნატვრაში გავატარეთ. როცა მამა მერაბის და მისი ხელით აღსრულებული სასწაულების შესახებ შევიტყვეთ, ტაძარს მივაკითხეთ. მამა მერაბმა გვითხრა, თქვენს შვილოსნობას ერთი თვეც არ დააგვიანდებაო. თანაც, დაამატა, ტყუპი გეყოლებათო. მართლაც, სწორედ ერთი თვის შემდეგ შევიტყვე ფეხმძიმობის შესახებ და მოგვიანებით ისიც, რომ ორ შვილს ველოდებოდით…
ელისაბედ ნიკოლაძე, მშობელი:
შვილი 16 წელი არ გვეძლეოდა. წლების მანძილზე უამრავ კლინიკასთან და ექიმთან გვქონდა შეხება. მამა მერაბის დალოცვისა და მაცხოვრის ხატის წაბრძანების შემდეგ შემდეგ უფალმა დიდი სიხარული – იოანე ხოხიაშვილი გვაჩუქა.
თამარ არტბელავა, მშობელი: მახსოვს, უშვილობის გამო ერთხელ ტაძარში ძალიან დამწუხრებული მამაკაცი მოვიდა. ვუთხარი, წმინდა ნიკოლოზის ხატი წააბრძანე და სამ თვეში შვილი მოგეცემა-მეთქი. ნიკოლოზობას ვზეიმობდით, რომ დამირეკა – დღეს ჩემი მეუღლე ექიმთან იყო და ფეხმძიმედ აღმოჩნდაო. ჩემგან გაიგეს, რომ ის დღე ნიკოლოზობა იყო… ასე გაჩნდა პატარა ნიკოლოზი… ერთხელ, უცნობი გოგონას პორტრეტი დავხატე. რამდენიმე დღეში ტაძარში გოგონა შემოვიდა. იქვე ვიდექი. სურათიც ახლოს იდო. ვიფიქრე, რა ნაცნობი სახე აქვს-მეთქი. ორივემ თითქმის ერთდროულად შევხედეთ ნახატს და მივხვდით, რომ სურათზე სწორედ ის იყო დახატული. მას შემდეგ ხშირად მოდიოდა ტაძარში. თურმე, არც მას ეძლეოდა შვილი. წმინდა ნიკოლოზის ხატი გავატანე… ახლა უკვე ორი შვილის დედაა.
-შვილს ოთხი წელი ველოდებოდი. მამა მერაბთან მოსვლიდან ერთ თვეში, როგორც თავადვე მითხრა, ფეხმძიმედ აღმოვჩნდი და უფალმა დემეტრე ბაღათურია გვაჩუქა…
ნატო ძვანბაია, მშობელი:
შვილი ხუთი წელი არ მყავდა. მამა მერაბის შესახებ დედამ შეიტყო. გადავწყვიტეთ მოვსულიყავით. უფლის წყალობით და მამა მერაბის ლოცვით შემეძინა დავით ჭოხონელიძე.
შვილის შეძენით გახარებული უშვილო ოჯახები, განკურნებული შშმ პირები, ჯანმრთელობის თუ სიდუხჭირის მოგვარებული პრობლემები – ამ ყველაფერს მორწმუნეები დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა ბერაბს (დეკანოსიძე) უკავშირებენ.
– თუმცა, თქვენს სახელს არა მხოლოდ უშვილოების სიხარული, არამედ სხვადასხვა შეჭირვების მქონე პირთა პრობლემების მოგვარებაც უკავშირდება…
– დიახ, ასეთი შემთხვევებიც ხშირია. ამ ზაფხულს აჭარაში მოვხვდი. ერთი ქალბატონი გავიცანი, სახლში მიგვიპატიჟა. მითხრა, 35 წელია ჩემს მეუღლეს ვეხვეწები და ქრისტიანად არ ინათლებაო. სუფრასთან დავსხედით, დავუკარი, ვიმღერე, ჩემი ნახატები დავათვალიერებინე და მოგვიანებით ვუთხარი, არ გინდა, შენი ნათლია ვიყო-მეთქი? ყველაფერი შესაძლებელიაო – მითხრა. იქვე მოვნათლე ისიც, მისი ძმაც და მთელი სანათესაო-სამეზობლო.
ნათლობის შემდეგ ცოლ-ქმარს ჯვარიც დავწერე. ტელეფონს არასოდეს ვთიშავ, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმეს დავჭირდე. ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა დამირეკა, თავის მოკვლას ვაპირებო. დავარწმუნე ტაძარში მოსულიყო. მოსულმა ამიხსნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და არ სურდა, ოჯახის წევრებისთვის ტვირთი დიდხანს ყოფილიყო. საუბრისას აღმოვაჩინე, რომ პროფესიით მხატვარი გახლდათ. ჩემს სახელოსნოში შევიყვანე, დავახატინე, ვესაუბრე. მას შემდეგ აქტიური ხატვა დაიწყო და დღეს უკვე ხატვა მისი შემოსავლის მთავარი წყაროა…