ენათმეცნიერი, ცნობილი მთამსვლელის, ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მარინე ბერიძე მძიმედ გადატანილ კოვიდინფექციასა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის თავდადებაზე წერს:
“მოვდივარ დღეს. ასე მითხრა ჩემმა ბუთქუჩამ გუშინ. იმედია, არ სწყინს, ეს სახელი რომ შევარქვი. მოვდივარ. ეს მათი გამარჯვებაა. ექიმების, პერსონალის საოცარი გუნდის. როცა ექთნები ექიმის პასუხისმგებლობას იღებენ ხანდახან, როცა რეანიმაციის ბლოკში შემოსული ექიმი სკაფანდრებში შეფუთულ ექთნებს და სანიტრებს ეხმარება და მათ პროტესტს პასუხობს, კარგით, რა აქ რა დროს ექიმ-ექთნის გარჩევააო…
ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ბოლომდე გონებით. ჩემი სტატუსი – კონტაქტური პაციენტი რეანიმაციაში, – იმედია, არ გახდება ჩემი მთელი ცხოვრების მოუშორებელი ტვირთი… ის, რომ ვიყავი კონტაქტური და ის, რომ, შემძლებია კონცენტრირება რამდენიმე პარალელური მიმართულებით, გახდა ჩემი გადარჩენის ხელშემწყობი… ექიმებმა გაიმარჯვეს. მე ჯერ ვერა. ვიცი, როგორ დაგღალეთ. როგორ გაგახარებთ ცნობა, რომ დღეს სახლში ვიქნები. აუცილებლად წავიკითხავ ყველა მოლოცვას. მიულოცეთ გამარჯვება გმირ ექიმებს, ვაჟკაც ექთნებს. ლევან რატიანს, ნუნუ ლაბაძეს… პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მიულოცეთ. ერთი თხოვნა მაქვს, ნუ დამიწერთ, რომ კორონა დავამარცხე, ბეჭებზე დავდე… ეს არის ჩემი თხოვნა. მე ბეჭებზე დაგდებული, თავზარდაცემული მოვდივარ თქვენკენ პასუხისმგებლობით: რატომ ვნახე ეს ყველაფერი, რა უნდა იცოდეთ თქვენ ამ ყველაფრიდან… მე ახლა ვიწყებ კორონასთან მთავარ გარჩევას”.