იმ ფონზე, რომ დედაქალაქში უკვე საკმაოდ ცხელა და ამავდროულად, სხვადასხვა ლოკაციაზე გზების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, ამის გამო, ფერხდება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და მგზავრებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ყოფნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაგრილების სისტემა გამართულად მუშაობდეს. თუმცა, მგზავრები ხშირად აღნიშნავენ, რომ კონდიციონერი დაზიანებულია და ამის გამო, დისკომფორტი ექმნებათ. დავუკავშირდით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თბილისის მიკროავტობუსებს და ვკითხეთ, რა უნდა გააკეთოს მგზავრმა, თუ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემა არ მუშაობს, ან მძღოლი ჩართვაზე უარს ამბობს და რას აკეთებენ მსგავსი შეტყობინებების შემდეგ:
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია მონიტორინგს მუდმივად აწარმოებს. ყველა ავტობუსში გაგრილების სისტემა ჩართული უნდა იყოს. თუკი დღის განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლი ვალდებულია, შეტყობინება გადმოგვცეს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთი ავტობუსი ხაზიდან მოვხსნათ, სათადარიგოთი ჩავანაცვლოთ და კონტრაქტორ კომპანიასთან შესაკეთებლად შევიყვანოთ. რაც შეეხება მგზავრს, შეუძლია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუკის გვერდზეც მოგვწეროს შეტყობინება, ან დაგვირეკოს ცხელ ხაზზე – 2 93 44 44, თუმცა, როგორც აღვნიშნე, მძღოლი თავადვე გვაწვდის ინფორმაციას. მძღოლს არ აქვს უფლება, კონდიციონერის ჩართვაზე უარი თქვას. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაშიც, მგზავრებს შეუძლიათ, მოგვმართონ. ასეთ დროს, მძღოლი გაფრთხილებას მიიღებს”, – გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
თბილისის მიკროავტობუსებში აცხადებენ, რომ პრობლემა, ამ თვალსაზრისით, ზოგიერთ მიკროავტობუსს ნამდვილად აქვს, თუმცა გამართვაზე აქტიურად მუშაობენ:
“როდესაც მიკროავტობუსში კონდიციონერი ჩართული არ არის, მგზავრს შეუძლია, დაგვიკავშირდეს ნომერზე 2 200 340 და დააფიქსიროს, კონკრეტულად რომელ სამარშრუტო ტაქსიშია პრობლემა. მიკროავტობუსების ნაწილში ნამდვილადაა ხარვეზი. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და უახლოეს მომავალში სრულად გასწორდება. დაზიანებული კონდიციონერების შესაკეთებლად მიკროავტობუსები პერიოდულად, რიგ-რიგობით გადაგვყავს. თუკი სრულად, ერთიანად შესაკეთებლად გადავიყვანთ, მგზავრობის ინტერვალი საგრძნობლად გაიზრდება”, – გვითხრეს თბილისის მიკროავტობუსებში.
წყარო: mshoblebi.ge
