ბოლო პერიოდში მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ შვილებს მაღალი ტემპერატურით, შეუპოვარი ხველით მიმდინარე ვირუსი აქვთ, რაც ფილტვების ანთებით სწრაფად რთულდება და საერთო სისუსტეს იწვევს. ამის გამო კი განსაკუთრებით ნერვიულობენ და აინტერესებთ, ხომ არ არის ქვეყანაში რაიმე ახალი, უფრო რთულად მიმდინარე ვირუსი. შეკითხვით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს მივმართეთ:
“ქვეყანაში რაიმე ახალი ტიპის ვირუსი, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა, არ ცირკულირებს. ბოლო პერიოდში ბაქტერიული ინფექციით ბევრი ბავშვი წვება კლინიკაში, რომლებსაც სისხლში ნეიტროფილოზი აღენიშნებათ, მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი ტემპერატურა აქვთ. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ფილტვების ანთებითა და საშარდე გზების ინფექციებით არ რთულდება. ბავშვებს აღენიშნებათ ფარინგიტი და 5 დღე გრძელდება. ამავდროულად, ქვეყანაში გავრცელებულია ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. თუმცა, ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდება, მომართვიანობა და სტატისტიკა შემცირდება. საშუალოდ, დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში 30-40 პაციენტი მოგვმართავს, მაგრამ, რა საკვირველია, ყველა კლინიკაში არ წვება, ჰოსპიტალიზაციას ბავშვების 1/3 საჭიროებს. ასევე, ქვეყანაში სხვადასხვა სეზონური ვირუსი ცირკულირებს, მათ შორისა, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევებიც, რომლებიც ასევე მაღალი ცხელებით მიმდინარეობს. ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს, გართულებად შესაძლოა, ფილტვების ანთება განვითარდეს. სამწუხაროდ, გართულებული შემთხვევებიც გვაქვს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს. კორონავირუსული ინფექციის შემდეგ, იმდენად დაქვეითებული აქვთ ადამიანებს იმუნიტეტი, რომ ბავშვები მარტივად ავადდებიან და დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე, ყველა ინფექცია შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. ერთ-ერთი გართულება კი შესაძლოა, როგორც აღვნიშნეთ, პნევმონია იყოს. უმართავი მაღალი ტემპერატურის, შეუპოვარი ხველის შემთხვევაში, აუცილებელია, ექიმს მიმართოთ და კონსულტაცია გაიაროთ.” – გვითხრა მაია ჩხაიძემ.
წყარო: mshoblebi.ge
