“ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც თავისუფალი ხარ. ის რომ მცოდნოდა, რომ ასეთი კარგია თავისუფლება, ალბათ, ბევრად ადრე მოვიმოქმედებდი რამეს (იცინის). რასაც გინდა მოუსმინე, რაც გინდა წაიკითხე, რასაც გინდა უყურე” , – ამბობს მარინა ბერიძი “პრაიმტაიმთან”.
გთაზობთ მუსიკალური პროდიუსერის ინტერვიუს:
“იყო პერიოდი, როდესაც ქმართან გაყრას მძიმე პირველი წელი მოჰყვა. ცვლილებებმა დეპრესიაში ჩააგდო – პირად ცხოვრებასა და სამსახურში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
იყო ისეთი პერიოდიც, არაფრის კეთება არ უნდოდა. იყო თავისთვის, პლედისა და სავარძლის გარემოცვაში.
ამას იმ მარინა ბერიძეზე გესაუბრებით, „ის ცხრა წელი საახალწლო კონცერტებზე (და არა მხოლოდ) მომღერლებს რომ ბლოკავდა“ და მუსიკალური შოუების ჟიურიში მჯდომი “იაზო” შიშის ზარს სცემდა კონკურსანტებს.
დიახ, იყო პერიოდი მისი სახელი და დიდება გაფერმკრთალდა.
თბილისი მის პირად ცხოვრებაზე აჭორავდა – მარინას ქმარმა უღალატა და ოჯახი დაენგრაო.
„ყველაზე მეტად ჩემი ოჯახით ვამაყობდი, რომელიც ქორწინების 43-ე წელს დამენგრა” – 2015 წელს მიყვებოდა მარინა.
„მარინამ მოიწყინა“
მარინა ბერიძე: – „დინების საწინააღმდეგოდ“ ცურვა ჰქვია თუ რაც ჰქვია, მე მთელი ცხოვრების მანძილზე სიახლის სურვილი მქონდა. ყველაფერი ახალი მომწონდა. როცა ყველაფერი ახალი მოგწონს, პროგრესი გხიბლავს, როგორც წესი, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარ.
არავის ვებრძვი, უბრალოდ, ყველაფერში სიახლეს ვეძებ – ურთიერთობაში, საქმეში, სამსახურში… არც პროტესტი მაქვს, არც ამისკენ ვარ მომართული, სხვანაირად მე მწყინდება.
მარინა და ზურა
გარკვეულმა ადამიანებმა არ დამინდეს. წაქცეულს ზოგიერთმა ქალმა წიხლი დამაჭირა, ქმარმა მიატოვა, სახლი დაკარგა, „რუსთავი 2“-დან წამოვიდა, სამი მილიონი მოიპარაო – გაუთავებლად წერდნენ ასეთ რაღაცებს.
ჩვენ – მე და ზურაბ ლალიაშვილს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოჯახი გვქონდა… ხმაურიანად კარგი! ორი მუსიკოსი, ასეთი ოჯახი, სტუმრებისთვის სახლის ღია კარით. და ამდენი წელი ერთად! 43 წლის თავზე კი მოხდა ეს ისტორია. ჩვენ პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ჯერ იყო სიმპათია, მერე სიყვარულის ისტორია. ყველაფერი ხდება…
ჩემი ოჯახური იდილია ჩემს საქმეს შევალიე. ღამის სამ საათზე აბსოლუტურად დაღლილი რომ მიდიხარ შინ და მეორე დღისთვის კიდევ კატლეტს აკეთებ, მაგრამ შინაგანად ისევ საქმეში რომ ხარ, ამ რიტმში ვცხოვრობდი. ვიცი, რომ კატლეტი უნდა გავაკეთო და პერანგი გავაუთოო, მაგრამ თავში მუდმივად „ჯეოსტარის“ ტურებზე ფიქრი იყო.
ამ ასაკში კი, ფიქრობ, აღარც უნდა მოიცალო ქმრისთვის და იმან ეს უნდა გაიგოს… ამასობაში ხომ არსებობს მუდმივად ჩასაფრებული ქალების კატეგორია, სხვისი რომ წაიღონ. ღია კარი მქონდა, ჩემთან სტუდიაში ნახევარი საქართველო წერდა სიმღერებს. ის ქალბატონიც ერთ-ერთი ასეთი მომსვლელი იყო…
სადღაც მყავდა ნანახი, მღეროდა, თუმცა ცუდად… ინტუიციით, რაღაც რომ ხდებოდა, ვიგრძენი და ვიკითხე, მაგრამ სულ უარზე წასვლა იყო. ამ გადასახედიდან მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველაფერი ცუდის კარგად გაკეთება შეიძლება. არის სიტუაცია, სადაც კი არ უნდა ჩახლართო და იეშმაკო, უნდა მიხვიდე და თქვა, სინამდვილეში როგორც არის. აღარ გიყვარვარ? მოდი და მითხარი! ნუ ჩამიხლართავ.
ვის როდის ვინ შეუყვარდება, არ იცი, შეუყვარდა… მაგრამ იმდენად სამაგალითო ოჯახი მქონდა… არის ოჯახები, ხელი არ უნდა მოკიდო. არ ვიცი, ეს დამემართა მე, ქალს, რომელიც პირველ რიგში თავისი ოჯახით ამაყობდა. ყველგან ვამბობდი, რომ ჩემნაირი ოჯახი მეორე არ იყო.
– ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება ვინ მიიღო?
– ერთად მივიღეთ. ჩვენი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გაუსაძლისი იყო. რაღაც დამთავრდა. ბევრის თმენაც შეიძლება, მაგრამ რაღაც წერტილამდე. ორი უცხო ადამიანის ერთად ცხოვრება ძალიან ძნელია.
ამ ამბავს შეეწირა ჩემი სახლი სოლოლაკში, რომელიც მართლა ყველასთვის საყვარელი სახლი იყო. ეს იყო მამაჩემის და დედაჩემის სახლი, რომელიც ამ ამბის შემდეგ გავყიდეთ. ვისაც ის სახლი უნახავს და მე მიცნობს, რომელსაც ხან აქ და ხან იქ არ უცხოვრია, მიხვდება რასაც განვიცდი. მე, დაბადებიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება სოლოლაკში იმ სახლში ვცხოვრობდი. ტაქსიში რომ ვჯდები, სოლოლაკის მისამართს ვეუბნები ისევ.
მთელი ცხოვრება დატოვე და წამოხვედი, ადვილი არ არის… ახალ სახლს რომ შევჩვეოდი და ტრავმა დამევიწყებინა, მოვიფიქრე, რომ სასტუმროში ვცხოვრობდი. ხომ მიცხოვრია სასტუმროში. ჩემი ახალი სახლი ცოტა სასტუმროს ტიპისაა. ამან გამომაძვრინა.
არავინ არაფერს მეუბნება, ავდგები, ყავას ვსვამ, სიგარეტს ვეწევი. სადმე რომ მივდივარ, აღარ მიწევს დარეკვა, მაგვიანდება-მეთქი. რას ნერვიულობ, არავინ გელოდება და ჯანდაბას შენი თავი-მეთქი, ვეუბნები თავს. საჭმელს არ ვაკეთებ. მივდივარ მზას ვყიდულობ და მოვდივარ.
– ქალური რევანშის სურვილი არ გქონიათ?
– ასაკი აღარ მიწყობს ხელს, თორემ… რევანში ნამდვილად იქნებოდა (იცინის). ცუდ ასაკში მომიწია.
– ასე მშვიდად დანებდით? თქვენ? ასეთი ოჯახი რომ გქონდათ…
– მშვიდად როგორ? დამანგრია, ფსიქიკა დამიზიანდა. ძნელად გადავხარშე, გამიჭირდა ცხოვრებიდან ამდენი წლის ამოღება. ახლა იქით აღარაფერი მაინტერესებს. ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან მაგარი ქალი ვარ. აღმოჩნდა, რომ ვარ. მაინც ვიღაც გჭირდება, რომ გამოძვრე ამ სიტუაციიდან. აი, რამდენი რამ გელაპარაკე და ბევრი რამისგან გავთავისუფლდი…
წყარო: primetime
