მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები, ნუკრი ბერიძე და გენადი ჩიტაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილ მეზღვაურებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ და გათავისუფლება მიულოცეს.
“მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ვულოცავ ჩვენს მამაც მეზღვაურებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას, ვულოცავ მათ ოჯახებს. ხელისუფლება აგრძელებს მზრუნველობას ჩვენს მოქალაქეებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვაო სფერო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, პირველ რიგში, თითოეულ მეზღვაურზე ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მეზრვაურებთან ერთად ამ სტრატეგიულ დარგს ახალ იმპულსს შევძენთ, კიდევ უფრო მეტად წარმატებულს გავხდით”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურებთან შეხვედრაზე.
კაპიტნის მეორე და მესამე თანაშემწეები ნუკრი ბერიძე და გენადი ჩიტაძე მეკობრეებმა 2 მაისს, ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს.
ტყვეობიდან მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოხსნაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოები.