ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 4 თვის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი ჭაში ჩააბეტონეს, 26 წლის გიორგი მირზაშვილია.
ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დანაშაული აღიარა.
როგორც ირკვევა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფლის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდნენ, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.
ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
დაკავებულები 24 და 27 წლის რუსთაველი ახალგაზრდები არიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.