ყოფილი დეპუტატი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი 10 თვის ჩვილის შესახებ წერს, რომლის შვილად აყვანასაც გეგმავდა, თუმცა ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის, რატომ არ მოვიტაცე ჩემი პატარა რიჟიკა გიორგი კლინიკიდან, სადაც ის
1. სუროგატი დედის – ფული აიღო და დაიკიდა;
2.სუროგაციის დამკვეთი დედის – ტყუპები ანუ 2 ბევრი იყო თან აქედან ერთი პრობლემური და ჯანმრთელი რომელიც იყო, ის წაიყვანა;
3. მეან–გინეკოლოგის – სუროგატსაც და დამკვეთსაც უთხრა – გზაში მოგიკვდებათო, არადა ბავშვმა 10 თვე იცოცხლა და არავის ის არ მოუკითხავს;
4. ბავშვის რეალური დიაგნოზის არმცოდნე და არდაინტერესებული მედპერსონალის (ექთნების ჩათვლით) – რიჟიკა თმაზე სამედიცინო სკოჩით აკრავდნენ საკვებ ზონდს, მერე აფხრეწდნენ და რაკი ხმა არ ქონდა დასუსტებულ ბავშვს და მარტო სახეს მანჭავდა, არ ტკივაო ამბობდნენ… აი ამათი ჩათვლით;
5.ადამიანთა გულგრილობის მსხვერპლი გახდა.
თან თავს ვერ ვპატიობ და თან იმასაც ვხვდები, რომ საავადმყოფოდან მისი გატაცებით ვერაფერს მოვასწრებდი, რადგან გვიან იყო – ის როცა დაიბადა, ჯერ დამკვეთმა დედამ, მერე სუროგატმა დედამ და მერე ყველა დანარჩენმა ფეხებზე დაიკიდა.
და მაინც არ მტოვებს ეს საშინელი გრძნობა – რომ მომეტაცა ეგებ გადარჩენილიყო. არადა ვიცი რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ერთადერთი რაც მოვასწარი, 10 თვის განმავლობაში ყველასგან მიტოვებულმა, სრულ მარტოობაში მყოფმა გიორგიმ მოასწრო და იგრძნო დედის სითბო.
ჰოდა ძალიან ბრძენების, საკუთარი ცხოვრების არმქონე სხვისი ცხოვრების განმკითხავების საყურადღებოდ რჩევა:
არასოდეს დაადანაშაულოთ თუნდაც ირიბად შვილის სიკვდილში ნამდვილი, ხაზს ვუსვამ – ნამდვილი მშობლები. ისინი ამას, არაფერ შუაშიც რომ არ იყვნენ, თვითონ აკეთებენ” – წერს სარიშვილი.
ბავშვის გარდაცვალებისა და შვილად აყვანის ისტორიის შესახებ 2016 წელს ირინა სარიშვილმა თავად ამცნო საზოგადოებას.
„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს. იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო. ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები. იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.
მერე ნელ–ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე, რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხზე დააყენებდნენ.
ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას. დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე. ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა. არც აპარატზე შეერთებამ უშველა. დაიღუპა გიორგი – ჩემი მეოთხე შვილი.
სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ, რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა. მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.ჩავედი ქვემოთ. უცებ ვხედავ ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან მუყაოს გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტინქტით, გიჟივით გავეკიდე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთში-მეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.
აქამდე ვიბრძოდი, რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი. ახლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო. ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე. უბრალოდ რაღაცას ვერ ვიგებ და ვერასდროს ვერ გავიგებ. შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი, შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი, რომ დროულად გადაწყვიტო, რაც გადასაწყვეტია, მაგრამ მუყაოს გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს. ისევე როგორც ვერ გავიგებ, რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე.
გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე დედა, მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე. ვერ გავიგებ, რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებულები და ენაჩავარდნილები და არ ვიცოდეთ, რა ვქნათ. რატომ? არეული ვწერ. ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა, რა მოხდა“, – დაწერა სარიშვილმა 2016 წელს.