2021 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, ოზურგეთის ძველი კინოთეატრის ტერიტორიაზე, უფრო სწორად, ამ ძველი შენობის გვერდით, ხელისუფლების ინიციატივით, დაიწყეს საზაფხულო კინოთეატრის მოწყობა.
იდეა ასეთი იყო _ პანდემიის პირობებში, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, როცა დახურულ სივრცეში აკრძალული იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, ეს იქნებოდა ახალგაზრდების თავშეყრის საუკეთესო ადგილი.
_ აქ მოეწყობა საუკეთესო საზაფხულო კინოთეატრი. პირველ რიგში, ტერიტორიაზე დავიწყებთ სივრცის გასუფთავებას, შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება და ახალგაზრდებს შესანიშნავი გარემო ექნებათ, _ ასეთი იყო მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება.
ასევე, ითქვა, რომ დაგეგმილი იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება და შესაბამისი თანამედროვე აპარატურის შეძენა.
იდეა, მართლაც მომხიბვლელი ჩანდა. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელი მერი, კოტე შარაშენიძე, ადგილზე გაეცნო დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პირველ რიგში, აქ გამწმენდი სამუშაოები დაიწყო, რასაც მაშინდელი ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ასრულებდნენ. მალე მოწესრიგდა აღნიშნული მონაკვეთი. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედლის უკანა ფასადი, დიდი ეკრანის სივრცედ მოიაზრეს.
მართლაც, საარჩევნო პერიოდში აქ მალე გაიხსნა საზაფხულო თეატრად წოდებული ღია საკონცერტო სივრცე და არა ერთი ღონისძიებაც ჩატარდა.
შემდეგ კი, როცა არჩევნები დასრულდა, საზეიმოდ გამოცხადებული საზაფხულო კინო-თეატრის მშენებლობა თუ მოწყობაც დასრულდა და მერე არავის გახსენებია.
სამაგიეროდ, აქ კიდევ უფრო დიდი ანტისანიტარიული სივრცე გაჩნდა: კერძოდ, გაუქმდა და სანახევროდ დაინგრა მაშინ აშენებული საპირფარეშო. ეკალ-ბარდი უარესად მოედო მთელ სივრცეს და იქვე მდებარე რამდენიმე ძველი შენობის კედლებს ახლა სურო, ხავსი და ეკლიანი ბარდი ფარავს. ყველაზე საგანგაშო მაინც ამ სივრცის საპირფარეშოდ ქცევაა. როგორც ცნობილია, ოზურგეთში საკანალიზაციო სისტემა მარადიული პრობლემაა და ნებით თუ უნებლიედ, საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველა ამ “მოფარებულ ადგილზე” გარბის, რომელიც შუაგულ ქალაქშია.
უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ოზურგეთში ახლა, ევროკავშირის დაფინანსებით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. იერსახე იცვალა ქალაქმა, თეატრალურმა მოედანმა. თუმცა, მოქალაქეები, რომლებიც აქ მუდამ გადაადგილდებიან, სულ საყვედურს გამოთქვამენ და ჟურნალისტებისგან ითხოვენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ხმა ამოიღონ:
_ თეატრის მოედანზე კუბოები დაგვიდგეს. რაც კარგი გაკეთდა, ამით დაასახიჩრეს. აქვე, სადაც ეს მასშტაბური პროექტი ხორციელდება, ათიოდე მეტრში, საშინელება ხდება _ საპირფარეშოდ იქცა საზაფხულო თეატრად წოდებული სივრცე. გასაკვირი ისაა, როცა აქა-იქ დასუფთავების აქციებს აწყობენ, ეს ადგილი არავის ახსენდება?! ვერ ხედავენ, აქ რა ხდება? სადღაც, მდინარეების კალაპოტებთან დარბიან, ასუფთავებენ ხუთ ადგილს და ორმოცდაათ ფოტოს იღებენ, აქაოდა, დავასუფთავეთო. კარგია, რომ დაასუფთავეს, მაგრამ შუაგულ ქალაქში რომ ფეკალიების და ქვეწარმავლების ბუდე და თავშესაფარია, რატომ ვერ ხედავენ? _ გვეუბნებიან ოზურგეთის ჭადრების ბაღში მყოფი ოზურგეთელები ციალა ჯაში, ენვერ შავაძე, მზია შათირიშვილი და აღნიშნავენ, რომ უსაზღვროდ უყვართ მშობლიური ქალაქი. ისინი ხშირად ჩერდებიან აქ, მიმდინარე მშენებლობებსაც აკვირდებიან, კმაყოფილებასაც გამოთქვამენ და უკმაყოფილებითაც გამოირჩევიან.
“საზაფხულო კინოთეატრს ვაშენებთო და ქვეწარმავლების საბუდარი და საპირფარეშო სივრცე მოგვიწყვეს. სამი წელია, კატასტროფულად გავერანდა ეს ადგილი. საკვირველი ის არის, რომ დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯგუფი, აქვე, ამ ძველი შენობის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. საკუჭნაოც აქვე აქვთ. ფანჯარა პირდაპირ მაგ სივრცეს გადასცქერის. ახლა ეს სასაცილო და თან სატირალი არაა? ასე მოაწყვეს საზაფხულო კინო-თეატრი, რომლის შესახებ, ახლა რომ ჰკითხო, “არაფერი იციან”, _ ამბობს აქვე, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა ჩხაიძე.
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობის გამო, სახლის უკანა მხარეს ფანჯრებს ვერ აღებს:
_ ფანჯრებს საერთოდ ვერ ვაღებ. გაუღებლადაც ხშირად ისეთი სუნი შემოდის სახლში, სად გავიქცე, არ ვიცი. ამას ადამიანი თუ იზამდა? გააკეთონ, ვინ უშლით?! ამ სახლების კედლების ეკრანებად გამოყენებაზე როცა თქვეს, ზოგს არ მოეწონა, თუმცა, მე წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. რაც გაკეთდება, კარგია. ახალგაზრდებმა უნდა გაიხარონ. მაგრამ ის როგორ უნდა ახსნას ადამიანმა, ამხელა პროექტი ხორციელდება და ქალაქის ცენტრში გველების საბუდარი და ტუალეტად ქცეული გარემოა. შეიძლება გვერდი-გვერდ ასეთი სივრცეები არსებობდეს? _ გაბრაზებული საუბრობს ის.
_ თავიდან რომ დაიწყეს ამ სივრცის მოწყობა, ყველას მოეწონა. არ იყო ურიგო წინადადება. საქმე ისაა, ახლა რა ხდება? ერთ წელში დასრულდა ყველაფერი? რამდენჯერ მოკლეს აქ გველი?! ქვეწარმავალი სახლში რომ შემოძვრეს, ადამიანი არ გაგიჟდება? გადაუღეთ, აჩვენეთ ყველას. ეს არის სამარცხვინო ამბავი! ერთი ღონისძიება დასუფთავების აქცია ან მსგავსი, ყოველ წელს უნდა ჩატარდეს აქ. თან არაერთხელ, რომ ეს საშინელი გარემო, დასუფთავდეს მაინც, ვიდრე რაიმე გაკეთდება. ყარს იქაურობა. ირგვლივ ხალხი ცხოვრობს. მჭიდრო უბანია. მე რა შემიძლია? თუ ყველა გამოვა, მეც მივიღებ მონაწილეობას. არც მაგაზე დავზარდები. თუ არადა, ქალაქს დასუფთავების სამსახური ჰყავს. არ ევალებათ ასეთი გავერანებული და ანტისანიტარიული გარემოს დალაგება და დასუფთავება? _ გვეუბნება აქვე მცხოვრები ლილი დოლიძე.
ასევე ადგილობრივი მკვიდრი გულნაზ საღინაძე ამბობს, რომ სასწრაფოდ მისახედია აქაურობა:
_ ახლა, რა ვქნათ? აქცია და მიტინგი მოვაწყოთ? თუ რაიმე თქვი, ან “ნაცი” ხარ, ან “ქოცი”. მე მინდა სუფთა და უსაფრთხო სივრცე. ბავშვები დადიან. აქ ეზოებია და უამრავ პატარას თამაში სურს. ბავშვებია, მოძრაობენ. ათიოდე მეტრით იქეთ რომ გადავიდნენ, საშინელ სივრცეში მოხვდებიან. როგორმე მოაწესრიგონ და გაასუფთაონ აქაურობა, _ გვითხრა მან.
ჭავჭავაძის ქუჩის მესამე კორპუსის მცხოვრებთა სახელით, გულსუნდა მახარაძე ამბობს, რომ ეს სივრცე სასწრაფოდ დასასუფთავებელი და მოსაწესრიგებელია:
_ ჩვენ იმას კი არ დავეძებთ, აქ რა უნდა აშენდეს ან ააშენონ. ამ ტერიტორიას პატრონი დიდი ხნის წინათაც ჰყავდა მუნიციპალიტეტის მერიის სახით და ახლაც ასეა. ჩვენ ვითხოვთ, დასუფთავდეს, გაიწმინდოს აქაურობა. აქ ისეთი ამბავია, სპეციალური ტექნიკაც დასჭირდება და მხოლოდ ცოცხით და აქანდაზით არ მოწესრიგდება. ახლა გაზაფხულია. ეკალ-ბარდი სულ მოედო კედლებს. უმოქმედო ტუალეტები არავის ადარდებს. მაინც იყენებენ და ყარს იქაურობა. ქალაქის ცენტრია, ამას მიხედონ და მერე წავიდნენ სხვაგან დასუფთავების აქციების მოსაწყობად, _ ამბობს ის.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს, გია ანთაძეს ესაუბრა:
_ ვიცი ეს ადგილი, სადაც არის. ჩვენ ქალაქს ყურადღებას არ ვაკლებთ და რა თქმა უნდა, დავასუფთავებთ. თუმცა, არ ვიცი, ეს ადგილი ვისი საკუთრებაა (გია ანთაძე აღნიშნულ სამსახურში ახალი კადრია. ავტ.) აუცილებლად გავივლი ოზურგეთის მერთან ამ საკითხს და მივხედავთ, _ გვითხრა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახლა ცალკე ა(ა)იპ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და მას გენადი კიშინსკი ხელმძღვანელობს:
_ მე არ ვიცი, რა იგეგმებოდა ან რა იგეგმება ამ ტერიტორიაზე. ისიც არ ვიცი, ვისი საკუთრებაა _ კერძო პირის თუ მუნიციპალიტეტის. სამსახურებრივად არ მეხება, თუმცა, როგორც ოზურგეთელი და ოზურგეთის გულშემატკივარი ადამიანი, სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამიტომ ვეცდები, მოგვარდეს ეს პრობლემა. ისე კი, დარწმუნებული ვარ, რომ ა(ა)იპ მომსახურების ცენტრი მიხედავს ამ საქმეს და დასუფთავდება, _ გვითხრა გენადი კიშინსკიმ.
“გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს ქალაქის ცენტრალური სივრცის მოწესრიგების საკითხს, სადაც სამიოდე წლის წინ, საარჩევნო პერიოდში, საზეიმოდ მოაწყვეს საზაფხულო კინოთეატრი, დღეს კი ქვეწარმავლების საბუდარი და საპირფარეშო სივრცეა.
წყარო: gurianews.com