ჩემი აზრით, ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა – ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა.
„პენალტს ვინ დაარტყამს, ამაზე სხვადასხვა მიდგომაა. ზოგიერთ გუნდში წინასწარ არის განსაზღვრული, ვინ დაარტყამს და თუ მთავარი პენალტისტი ფორმაშია არაა, ვინ შეცვლის, მაგრამ არის განსხვავებული მიდგომაც.
მაგალითად, ნოდარ ახალკაცი არასოდეს ამბობდა, ვის უნდა დაერტყა – დათოს, ვოვას, პეტრეს თუ პავლეს. მოედანზე რომ გამოვდიოდით, იქ ჩანდა, საამისოდ მზად ვინ იყო. თუმცა, ტრადიციაც გვქონდა – თუ ერთხელ ვერ გაიტანდი, შემდეგ სხვა ასრულებდა, რადგან ის იმ კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაში იყო. შენი რიგი ხელახლა მაშინ მოვიდოდა, თუ სხვებიც გააფუჭებდნენ. ხვიჩამ „აინტრახტთან“ სერიოზულ შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა და ამიტომ მეც მგონია, რომ არ უნდა დაერტყა – თუ, რა თქმა უნდა, სპალეტის დავალება არ იყო“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.
