საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
მორწმუნეებს ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათსა და პარასკევსაც ყველანაირი პროდუქტის მიღება შეეძლებათ.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება “პასექის ჟამნი”.
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.
აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ: “ქრისტე აღდგა” – “ჭეშმარიტად!” “ჭეშმარიტად აღდგა!” “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!”
წყარო – ambioni.ge