ლექს-სენმა სოციალურ ქსელში სტატუსი დადო – “ვისაც ჩემს სისწორეში, სიმართლეში, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება, ყველას “დდ….შ”- იო.-
პოსტის შინაარსიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იფიქრებ, რომ რეპერმა ეს ფეისბუქსტატუსი, 8 ნოემბრის აქციაზე, მის გამოსვლასთან დაკავშირებულ ნეგატიურ გამოხმაურებას უძღვნა. თუმცა ლექსომ ეს ვერსია უარყო.
ლექსო ქავთარაძე: – ეს ჩემი პირადი პოსტია.
– ანუ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე შენს გამოსვლას არ ეხება?
– ნაციონალები რა შუაშია?
– ნაციონალები შუაში როგორ არ არიან. მოკლედ, ამბობ, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ნამღერს არ ეხება.
– ახლა სწორია. არა, არ ეხება.
– და პატრიოტიზმი ვინ დაგიწუნა?
– საახლობლო და საკომუნიკაციო წრეში ხომ ვსაუბრობთ ადამიანები, ვიხილავთ თემებს… რაც შეეხება ამ აქციას, ამხელა პოზიტივი და გულანთებული ახალგაზრდობა, მე დიდი ხანია არ მინახავს. ბევრი თინეიჯერი იყო. გამიკვირდა. უმეტესობას ჩემი კონცერტები გაახსენდა და კიდევ როდის იმღერებო? მსგავსი მასშტაბის კონცერტები ხშირი არ არის. გამიხარდა ის, რომ ერთიანობის განცდა დაფიქსირდა.
ეს არის სცენა, სადაც შეგიძლია გამოხვიდე, კრიტიკული აზრი დააფიქსირო. თავისუფლების ადგილია. იქ არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ადგილი. იქ ვერ მიდის ბოროტი და კრიმინალი, თავს ვერ პოულობს. ნამდვილი, გამბედავი და სიმართლის მთქმელი ადამიანები მიდიან. ხალხთან კონტაქტის ადგილია. იმ ხალხის, ვინც პირად თავისუფლებას ეძებს. უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ხმები გაყალბდა. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ 8 ნოემბერს იქ გამოსული ადამიანების კიდევ ერთი იმდენი ვერ მოვიდა. ზოგს კორონა აქვს, ზოგს რაღაც პრობლემა. რეალურად გაცილებით მეტი ადამიანი აპროტესტებს გაყალბებულ ხმებს.