ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კადრში აღბეჭდილია ერთი კონკრეტული ბრიგადის უფროსი ექიმი და მძღოლი – ლელა ჩუბინიძე და ზურა გაგოევი. ფოტოს ავტორი კი ამავე ბრიგადის უმცროსი ექიმი, კრისტი რიგვავაა.
„ამ დღეს დილიდან გადაბმით კოვიდინფიცირებულებთან გვქონდა გამოძახება. ფოტოს გადაღებისას მძიმე პაციენტთან ვიყავით იმის მოლოდინში, თუ სად უნდა გადაგვეყვანა. ამ დღეს უამრავ მძიმე პაციენტთან მოგვიხდა შეხება. არა მხოლოდ ფიზიკურად, ემოციურადაც ძალიან ვიტვირთებით. ბრიგადაში სამნი ვართ. მე და ზურამ ჩავიცვით, პაციენტი უნდა ჩამოგვეყვანა. საერთოდ, ძირითადად, ორნი ვემზადებით ხოლმე, მესამე კი ტექნიკასთან კონტაქტობს. ვცდილობთ, სპეცტანსაცმლით ტექნიკასთან კონტაქტით ინფიცირების დამატებითი რისკი არ შევქმნათ. კრისტი ტელეფონთან, მენეჯერთან კონტაქტობს და როგორც გაირკვა, ფოტოების გადაღებითაც არის დაკავებული.
თუ პაციენტი ძალიან მძიმეა, ეკიპირება სამივეს გვიხდება ხოლმე. სპეცტანსაცმელი საკმაოდ რთული სატარებელია, მით უმეტეს, თუ რამდენიმე საათი გვაცვია. მთლიანად შეფუთული, სქელი ნიღბითა (ხან ორიც გვიკეთია) და ფარით.
პირველად დახმარებას ვუწევთ ყველას და ყველგან, ვისაც სადაც და როგორც სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების რისკი მაღალია, მძიმე პაციენტებს, ვცდილობთ, ადგილზე, სახლში ან მანქანაში გავუწიოთ პირველადი დახმარება იქნება ეს გადასხმა თუ ჟანგბადის მიწოდება. პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, ამ პროცედურებს, შესაძლოა, საათებიც დასჭირდეს, მაგრამ ხშირად მდგომარეობა იმდენად მძიმეა, პაციენტის დახმარება კლინიკაში მოთავსებამდე ხდება აუცილებელი”, – განუცხადა “მშობლები.ჯი”-ს ლელა ჩუბინიძემ.