ფსიქოლოგები მუდმივად გვახსენებენ: ბავშვისთვის მშობლის ჩართულობა და მზრუნველობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ბავშვი დარწმუნებულია, რომ მშობლებს უყვართ და დაიცავენ მას ყოველგვარი უბედურებისგან. სიყვარულის გამოვლინება, ჩახუტება და მოფერებითი სიტყვები ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე.
ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და წიგნების ავტორი ჯონის უები დარწმუნებულია, რომ თუ მშობლები, განსაკუთრებით კი დედა, ძალიან ცივია შვილის მიმართ, ეს შვილის ფსიქიკაზე ძლიერ კვალს ტოვებს, რაც მის ცხოვრებაზე სამომავლოდ აუცილებლად ცუდად აისახება. ჯონისი განმარტავს, თუ როგორ ადამიანებად ყალიბდებიან ბავშვები, ვისაც მშობლის სიყვარული აკლდა.
კარგი მსმენელები არიან, მაგრამ საკუთარ თავზე არ ლაპარაკობენ
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ გარემოცვაში ისეთი ადამიანი, რომელსაც შეგიძლია გული გადაუშალო, ყველაფერი მოუყვე შენს შესახებ, მაგრამ ამავდროულად, მის შესახებ თითქმის არაფერი იცი.
მეგობრობაში თავიდან ეს ძალიან კომფორტული ჩანს, რადგან ყველას უსმენს და ანუგეშებს. თუმცა ბოლოს ხვდებიან, რომ ეს არ არის ნამდვილი მეგობრობა. მას ეშინია გულის გადაშლის.
მხოლოდ სხვებზე ფიქრობს
ასეთ ადამიანებში არის მსხვერპლის ნიშნები. ხშირად ეკითხებიან სხვებს, რას გრძნობენ, რა აწუხებთ. შეიძლება აკვიატებადაც კი ექცეთ და მუდმივად გეკითხებოდეთ, კარგად ხართ თუ არა: „დარწმუნებული ხარ, რომ კომფორტულად ხარ ამ სავარძელში?“, „იქნებ ჩაი გინდა? დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა?” – და მსგავსი.
უფრო მეტიც, თუ ამ მზრუნველ ადამიანს ჰკითხავთ, როგორ არის თავად, დაიბნევა და რეალურად ვერაფერს გიპასუხებთ, გარდა ბანალური ფრაზისა „დიახ, ყველაფერი კარგადაა“.
ვერ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს
თუ ოჯახში არასდროს აინტერესებდათ რას გრძნობდა ის, რა ემოციები ჰქონდა, ვერც მათ გამოხატვას ისწავლიდა. ყველა ვნება, რომელიც მასში მძვინვარებს, მთელი ბავშვობა მასთან რჩებოდა. ზრდასრულ ასაკში კი ადამიანს ემოციების გამოხატვის პრობლემაც შეექმნება.
ვთქვათ, წყვილი ურთიერთობაშია. ერთი მუდმივად ცდილობს მეორისგან უკუკავშირი მიიღოს – რა მოსწონს მასთან ურთიერთობაში, საწოლში. ის კი დუმს და მის რჩეულს არ ესმის, კმაყოფილია თუ არა. შედეგად, ორმხრივი პრეტენზიები იწყება.
არ იხსენებს ბავშვობას
თუ ბავშვობის ტრავმის მქონე ადამიანს ეკონტაქტებით, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ის საერთოდ არ საუბრობს წარსულზე. ყველანაირად გაურბის ბავშვობის თემებს. არასოდეს წამოსცდება, როგორ სწავლობდა სკოლაში, რას უმზადებდა დედა შაბათ-კვირას და რომელი მულტფილმები მოსწონდა.
ერიდება კონფლიქტს
ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება სასარგებლო უნარია. მაგრამ როგორც კი სხვები გააცნობიერებენ, რომ არაფერზე ხმის ამომღები არაა, ყველა თავზე ასხდება.
თანადგომა არ გამოსდის
ასეთმა ადამიანმა არ იცის, როგორ იზრუნოს სხვებზე, როცა ეს საჭიროა. თუ მეგობარს ცრემლები წამოუვიდა, დაიბნევა და ვერ გაიგებს, როგორ მოიქცეს. მას ხომ არასოდეს ჰქონია ოჯახში თანაგრძნობის ნათელი მაგალითი. ამ დროს ასეთ ხალხს გაქცევა ახასიათებს. ის განერიდება სიტუაციას, თქვენ კი მისგან მორალურ მხარდაჭერას ვერ მიიღებთ, რადგან თავად ყოველთვის აკლდა ასეთი დახმარება.
თუ ბავშვის ემოციებზე საკმარისად რეაგირება არ ხდება, მშობლები ცივად და თავშეკავებულად ექცევიან, ბავშვი ფიქრობს, რომ მისი ემოციები არ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მის თვალში არც სხვების ემოციებს აქვთ ფასი.
როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა
დაინტერესდით ბავშვის გრძნობებით
ჩაერთეთ მის გრძნობებში, ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორ ჩაიარა დღემ, რა აწუხებს. უთხარით, რომ ის და მისი გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მზრუნველი მშობელი იყოთ, თუ ეს სიტყვებითა და საქციელით არ გამოხატეთ, ბავშვი კარგად ვერ გაიგებს.
მის მხარეს იყავით
თუ ბავშვს კონფლიქტი აქვს ვინმესთან და თავად არის დამნაშავე, ნუ გაკიცხავთ საჯაროდ, თუ ცდება, ცალკე უსაყვედურეთ. მაგრამ სხვასთან უთანხმოების დროს აჩვენეთ შვილს, რომ თქვენ და ის ერთი გუნდი ხართ.
ესაუბრეთ თქვენს შვილს გრძნობებზე
ნუ შეგეშინდებათ გრძნობებზე და ემოციებზე საუბრის. თუ არ იცით საიდან დაიწყოთ, განიხილეთ თქვენი საყვარელი მულტფილმების გმირების მოქმედებები. აუხსენით მათი მოტივაცია, თქვით მიზეზები, რატომ მოიქცა ასე თუ ისე, რას გრძნობს ამის მიმართ. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ ბავშვი ამჩნევს სხვების განწყობას და გამოხატავს თავის გრძნობებს.
პატივი ეცით პირად საზღვრებს
თუ ბავშვი მზად არ არის რაიმე განიხილოს, ნუ აიძულებთ საუბარს. ეცადეთ,პრობლემის გასარკვევად სხვა გზა იპოვოთ: გადააქციეთ ყველაფერი ხუმრობად, გამოიყენეთ მეტაფორები ან საილუსტრაციო მაგალითები. თუ თქვენ უხეშად არღვევთ ბავშვის პიროვნულ საზღვრებს, მომავალში ის სხვა ადამიანებსაც იგივეს უფლებას მისცემს.
წყარო:მშობლები