9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რუსი სამხედროების ხელით დაიღუპულ 21 გმირს შორისაა ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. ის იმ დროს ფეხმძიმედ იყო. 25 წლის ექთანი გოგონა აქციაზე მომიტინგეთა დასახმარებლად მივიდა. აქციებში მონაწილეობდა მისი ძმა ვახტანგ ჭიპაშვილი. ძმამ დის გარდაცვალების ამბავი 9 აპრილს დილით შეიტყო. ელისოს შესახებ სტატიას გამოცემა “ჩემი ხარაგაული” აქვეყნებს:
„დილით რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი, გავიგონე „ვაიმე, ჩვენი ელისოო…“, – გვიამბობს ვახტანგ ჭიპაშვილი, – ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედას თავიდან ვერ ვუთხარი. მამა ხარაგაულში იყო წამოსული. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გაზით მოიწამლა. დიდი წვალებით მივასვენეთ სახლში. დედაჩემი ელისოს დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა, ამხელა ტრაგედიას ვერ გაუძლო. ორი მიცვალებული ერთად გავასვენეთ.
დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, მას შემდეგ მსგავსი არაფერი მინახავს. ისე ერთ მუშტად შეკრული ერი არ მახსოვს. ათიათასობით ადამიანი ერთად იდგა და არანაირი უსიამოვნება და შეკამათება არ ყოფილა. ყველა ერთმანეთის პატივისცემასა და მოფრთხილებაზე ფიქრობდა. დღევანდელი და მაშინდელი ვითარება რომ შეადარო, ცა და დედამიწასავითაა”
წყარო – chemikharagauli.com
