ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ არქივიდან, სადაც ის იმ სასწაულზე საუბრობს, რომელიც მას თავს გადახდა
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა მსახიობმა, ჯემალ ღაღანიძემ დაგვტოვა. გთავაზობთ მის ცხოვრების დღიურებს.
სახასიათო მსახიობი იპოლიტეს პრემიით
„ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში. რაც ახალგაზრდობაში ჩავიფიქრე, ის განვახორციელე. საშუალო სკოლაში თითქმის მეშვიდე კლასიდან მქონდა ჩაფიქრებული და ჩემი ოცნება იყო, მსახიობი გავმხადრიყავი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერი ამიხდა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თეატრს და შემოქმედებით ცხოვრებას. თითქმის 60 წელია, რუსთაველის თეატრში ვარ. ხდება ხოლმე, როცა გრძნობ, ეს როლი რომ მეთამაშა, ალბათ, კარგად ვითამაშებდიო. მერე დროს მოაქვს ყველაფერი, ადამიანი ფიზიკურადაც იცვლება და გონებრივადაც და შეიძლება, სასაცილოდაც მოგეჩვენოს, რომ გინდოდა იმ როლის თამაში. ერთი პერიოდი ძალიან გამხდარი და მაღალი ვიყავი და შეიძლება, დონ კიხოტზე მეფიქრა, მაგრამ იმ მომენტში მზად არ ვიყავი, ჩემი ასაკი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ამხელა როლი წამომეკიდებინა. მსახიობს თავისი ამპლუა აქვს და რეალურად უნდა იფიქროს. პირადად მიმაჩნია, რომ სახასიათო მსახიობი ვარ, იმიტომაც არის, რომ 4-5 კაცი ვართ თეატრალურ სამყაროში, რომლებმაც მივიღეთ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია.“
ოთახში მონათლული ძმები
„რწმენას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ჩემს ოჯახში ბევრი უძველესი ხატია. სამწუხაროდ, იყო დრო, როცა ეკლესიისა და მასში მოღვაწე სასულიერო პირების მიმართ რეპრესიები ხორციელდებოდა და ამ მხრივ, რთული მდგომარეობა იყო. ამას წინათ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი საეკლესიო თემასთან დაკავშირებით, მღვდლების დახვრეტით დაწყებული, ეკლესიების ნგრევით დამთავრებული, რომელიც ისეთი ემოციური იყო, რომ ჩემზე საშინლად იმოქმედა. თბილისში დაბადებული, გაზრდილი კაცი ვარ, მაგრამ პარლამენტის შენობის ადგილზე მდგარი ეკლესიის დანგრევა არ მახსოვს. ბავშვობიდან მახსოვს, რომ ოჯახში ამ კუთხით განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო. ჩემი ნათლობა მახსოვს, ნათლობის სახელიც ჯემალი მაქვს… პატარა ვიყავი, მაგრამ დღემდე მახსოვს მამაჩემის ნათქვამი, რომელიც დედაჩემს უთხრა, მანჯგალაძე პარტიიდან გარიცხეს და მგონი, დაჭერასაც უპირებენ, ბავშვი მოუნათლიაო. ჩვენ ეკლესიაში არ წავსულვართ, ამ უფანჯრო ოთახში მოგვნათლა ღამით მღვდელმა მე და ჩემი ძმა. ეს მღვდელი დოლიძეზე ცხოვრობდა და ჩემი ძმის კლასელის ბაბუა იყო, ეტყობა, ამიტომ მოვიდა ასე გაბედულად ჩვენს ოჯახში. ჩემი ნათლიის მამაც მღვდელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ მოვინათლეთ, ის უკვე ღრმად მოხუცებული იყო და მოქმედი მღვდელი აღარ იყო. ის მღვდელი ცალკე ოთახში ცხოვრობდა და რომ შევიდოდი, სამღვდელოების რეკვიზიტები, ტანსაცმელი ჰქონდა და დიდი ინტერესით ვათვალიერებდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, საშუალო სკოლაში დავდიოდი და დავიწყე ეკლესიაში სიარული, მაგრამ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე დიდუბის ეკლესიაში ჩავდიოდით ბიჭები ღამისთევით. იმდენად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ისე ხშირად მიწევს ტაძრებში სიარული მიცვალებულების გამო, ძალაუნებურად სანთელსაც ვანთებ და ვლოცულობ კიდეც. ბედმა იმაშიც გამიღიმა, რომ ეკლესია პირდაპირ ეზოში ჩაგვიდგეს. დილაობით ზარების რეკვა ისმის, ვაღებ ფანჯარას და გალობა ისმის სახლში. უკვე ძალაუნებურად ვებმები ეკლესიურ ცხოვრებაში. ჩემი თავი დავიჭირე – ზარების რეკვის დროს ვდგები, ვაღებ ფანჯარას და პირჯვარს ვიწერ. მაქვს ჩემი კუთხე, სადაც მიცვალებულების ფოტოები მაქვს, ხატიც მიკიდია და ხშირად იქ ვლოცულობ ხოლმე. ჩემი მეუღლე ჩემზე მეტად ეკლესიურია. ჩვენ ჩვენი ოჯახის მოძღვარი გვყავს, ახალგაზრდა ბიჭია. ჩემი ქალიშვილის მეგობარია.“
ვატიკანის წირვა-ლოცვა რუსთაველის თეატრისთვის
„გასტროლზე ყოფნის დროს, სადაც ეკლესიას მოვკრავდით თვალს, მივდიოდით, ვლოცულობდით და სანთელსაც ვანთებდით. უმეტესწილად კათოლიკურ ეკლესიაში გვიწევდა შესვლა, მაგრამ თუ სადმე მართლმადიდებლურ ტაძარს ვნახავდით, შემთხვევას ხელიდან არ ვუშვებდით. ოჯახში მაქვს ხატები, რომლებიც ძირითადად, ან ნაჩუქარია, ან გასტროლების დროს არის შეძენილი. კიევში გვყავდა უნიკალური ოჯახი, ცოლ-ქმარი, რომლებიც ხატებს ხატავდნენ ჩუმად. იმ პერიოდში აკრძალული იყო, მაგრამ ამას მაინც ახერხებდნენ და ყიდდნენ. ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, ქმარი ციხეში გარდაიცვალა, ამ ქალმა მოახერხა ციხიდან გამოსვლა და ახლაც ხატებს ხატავს. ახლა იქით ეხვეწებიან, ხატები დახატეო. თავისი გამოფენებით ამ ადამიანმა მსოფლიო მოიარა. ჩვენ ძალიან გვინდა, ეს ქალბატონი თბილისში მოვიწვიოთ და ხატების გამოფენა მოაწყოს. ვატიკანშიც ვარ ნამყოფი და ერთი უცნაური ამბავიც შეგვემთხვა. 1981 წელს გასტროლი გვქონდა იტალიაში, რომში. ვატიკანში უნდა გამოსულიყო რომის პაპი და წირვა ჩაეტარებინა. ზუსტად ამ დროს სპექტაკლი გვქონდა რომში. გვინდოდა წირვაზე წასვლა, მაგრამ არ გვირჩიეს, საშინელი საცობები იქნება და სპექტაკლს ვერ მოუსწრებთო. მართლაც არ წავედით. იმ დღესვე, 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ თასების თასი აიღო. თამაშის დროც სპექტაკლის დროს ემთხვეოდა და ვთხოვეთ ადმინისტრაციას, ეგებ კულისებში ტელევიზორი დაგვიდგათ, რომ თამაშის ანგარიში გავიგოთო. დაახლოებით, 7 საათი იქნებოდა. სანამ თამაში და ჩვენი სპექტაკლი დაიწყებოდა, გადმოცემა იყო ვატიკანიდან რომის პაპის წირვასთან დაკავშირებით. იმ წუთას ჩვენ თვალწინ, ტელევიზორში, ესროლეს და რომის პაპი დაჭრეს. ატყდა ერთი ამბავი, როგორც ჩანს, უფალმა დაგვიფარა, შემდეგ პროგრამაც შეიცვალა, ფეხბურთიც აღარ აჩვენეს. ვატიკანი მართლა საოცრება იყო. მახსოვს ჩვენი გასტროლები არგენტინაში, სადაც სომხების უდიდესი დიასპორა ცხოვრობს. ერთი პროსპექტია სომხების, რომელიც მათი ეკლესიით მთავრდება. მოვიდნენ, დაესწრნენ სპექტაკლს და როცა დამთავრდა, რობიკოსთან მივიდნენ და თავისთან, ეკლესიაში დაგვპატიჟეს. მართლაც, დილიდან საღამომდე ვიყავით იმ ეკლესიაში. დაიდგა წირვა სპეციალურად რუსთაველის თეატრისთვის, გაშალეს დიდი სუფრა და უმაღლეს დონეზე გაგვიმასპინძლდნენ.“
იესოს ნაკვალევზე
„იერუსალიმში ორჯერ ვართ ნამყოფი. რანაირი ურწმუნო უნდა იყო ადამიანი, რომ იერუსალიმში ჩახვიდე და არაფერი იგრძნო და ირწმუნო. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, ქრისტეს ნაკვალევზე დავდიოდი. სადაც შეხვალ, იქ ყველაფერი წმიდაა. საოცარი შეგრძნებაა იერუსალიმი, გრძნობ, რომ იწმინდები და სულ სხვა ადამიანი ხდები. მქონდა შანსი, კიდევ ერთხელ ჩავსულიყავი წმიდა მიწაზე. რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“, სადაც ერთ-ერთი როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ იმ პერიოდში ავად ვიყავი და რეზოს ბადრი ბეგალიშვილის კანდიდატურა შევთავაზე. არც თეატრში და არც კინოში სასულიერო პირი არ მითამაშია. სასულიერო პირებთან ურთიერთობა არ მიჭირს, პირიქით. ჩემს სახლთან ასე ახლოს რომ არის ეკლესია, ურთიერთობა სასულიერო პირებთან უფრო მჭიდრო გვაქვს. განსაკუთრებით ჩემს შვილიშვილს. როცა ეს ეკლესია შენდებოდა, უბანი ფიზიკურად მუშაობდა, ამ საქმეში ჩემი შვილიშვილიც იღებდა მონაწილეობას, ამიტომ, ის უფრო გაცნობიერებულია. აღდგომასა და სხვა რელიგიურ დღესასწაულებზე მთელი ეზო გადავსებულია ხოლმე, რაც ძალიან სასიხარულოა…“
ბევრი შეკითხვა პატრიარქს
„ჩემი სოფელი არის ღანირი, სამტრედიასა და ხონს შორის მდებარეობს. ჩვენს სოფელში დგას უნიკალური ეკლესია, რომელიც ხის არის და ულურსმო. ახლაც მოქმედია, წმიდა გიორგის სახელობისაა და მრევლი ძალიან უვლის. ხონში არის იმერეთის საეპისკოპოსო. ერთხელ ვიყავი ხონში და ჩამოსული იყო უწმიდესი. ხონში რაღაც თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და ჟიურის წევრი ვიყავი. სადილზე ძალიან ახლოს გავიცანი უწმიდესი და გაოცებული დავრჩი, რა საინტერესო ადამიანია (წყარო: არტინფო). ბევრი შეკითხვა დავუსვი, ვიკითხე, ადამიანი რომ ვერ მარხულობს, ცოდვაა-მეთქი და მიპასუხა, არაო. თუ ადამიანი ავადმყოფია და კვება სჭირდება, მაშინ მარხვა მისთვის არ შეიძლებაო. ჩემი ქალიშვილი პიანისტია, რელიგიურ თემაზე გამართა ჯანსუღ კახიძის დარბაზში კონცერტი ორკესტრთან ერთად, რა თქმა უნდა, დავპატიჟეთ უწმიდესი. მობრძანდა ჩვენი პატრიარქი, დალოცა ჩემი ქალიშვილი, მიულოცა და წარმატებები უსურვა.“
წმიდა ნიკოლოზი
„ჩვენი ოჯახის მფარველი ხატი წმიდა ნიკოლოზის პატარა ხატია, რომელმაც სიკვდილისგან გადაგვარჩინა. კიევში გვაჩუქეს ეს ხატი და ჩემს მეუღლეს გულის ჯიბეში ედო. უცებ ისეთ საშინელ ავარიაში მოვყევით 4 მანქანა, იქიდან ცოცხალი ვინმე თუ გადარჩებოდა, არავის ეგონა. მე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი და ჩვენი რეჟისორი 4 მანქანით ვიყავით კიევში წასულები. დიდი მანქანა იყო გაჩერებული ხიდზე. ჩვენ კი დავამუხრუჭეთ, გავჩერდით ოთხივე მანქანა, მაგრამ უკან ტრაილერი მოდიოდა, ვერ შეგვნიშნა და მიგვაწყო ერთმანეთზე. სულ დაიმტვრა მანქანებში ყველაფერი, შამპანურის ბოთლები დაილეწა, სუნამოების ბოთლები დასკდა, მანქანის შუშები დაიმსხვრა, არც ერთ ავტომობილს კარები აღარ ეღებოდა, მაგრამ ხატი გადარჩა უვნებლად და დღემდე მგონია, რომ იმ ხატმა გადაგვარჩინა. წმიდა ნიკოლოზის ხატი მხოლოდ პატარა კუთხეში გაიბზარა. ეს ხატი ჩვენი ოჯახის მფარველია, წმიდა ნიკოლოზმა აშკარა სიკვდილისგან გადაგვარჩინა.“
წამალში გაცვლილი ბრილიანტი
„ერთხელ, საზღვარგარეთ გასტროლების დროს, ზეინაბ ბოცვაძემ მე და ბადრი კობახიძეს გვთხოვა: ბიჭებო, თბილისში მძიმე ავადმყოფისთვის წამალი მაქვს ჩასატანი, აფთიაქში უნდა წამომყვეთ, მარტო სიარული არ მინდაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. მივაგენით წამალს, მაგრამ ფასი რომ ვიკითხეთ, ყურები ჩამოვყარეთ – ჩვენი დღიური შემოსავლით ერთი კოლოფის ფულსაც ვერ მოვაგროვებდით. არადა, მკურნალობის მთელი კურსისთვის ათი კოლოფი იყო საჭირო. ჩაფიქრებულებმა დავტოვეთ აფთიაქი და სასტუმროსკენ გავემართეთ. უცებ ზეიკომ თქვა: ბიჭებო, არის გამოსავალი. საზღვარზე რომ გადმოვდიოდით, აი, ეს საბაჟო დეკლარაციაში არ ჩამიწერიაო და თითზე წამოცმული ბრილიანტის ბეჭედი გვიჩვენა. მე და ბადრიმ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, მერე ერთდროულად, ზეიკოს ერთმა ერთ ლოყაზე, მეორემ მეორე ლოყაზე ვაკოცეთ. გადავხვიეთ ხელი და გზა გავაგრძელეთ. ერთი სპექტაკლის ცნობილი მიზანსცენა გამახსენდა, ყარაჩოხელი ერთადერთ სიმდიდრეს – ვერცხლის ქამარს რომ იხსნის და გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობარს ჩუქნის. გავიფიქრე, საიდან ამ ნაზ არსებას ასეთი ვაჟკაცობა? რუსთაველელებმა იმდენი მოვახერხეთ, რომ წამალი ყველამ ერთად შევიძინეთ და ზეიკოს მიერ წამოწყებული საქმე კეთილად დამთავრდა. ის ვაჟკაცური ჟესტი კი სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში. თან, წარმოიდგინეთ, ის მძიმე ავადმყოფი სრულიად უცხო იყო ზეიკოსათვის.“
წყარო: თბილისელები