მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაასრულონ კინკლაობა, რადგან მთავარი სამიზნე „ქართული ოცნება“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.
„მმართველობის ორპოლუსიანობას თუ მრავალპოლუსიანობას 31 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტს. მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, რომ თუ ორპოლუსიანობის ეშინიათ, დაანებონ მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი იმიტომ, რომ ამით არაფერი გამოდის და უკუპროცესს ღებულობენ. დღეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს პოლიტიკური ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ხელშია იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, უკვე რეაგირებს სააკაშვილის განცხადებებზე. საჭადრაკო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აქამდე თუ სააკაშვილი შავებით თამაშობდა, ახლა თეთრებით თამაშობს და ცოტა გამოფხიზლდეს ოპოზიცია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.