საქართველოს საპატრიარქო ხევსურეთის სოფელ ზეისტეჩოს ბოლო მცხოვრების – მიქაელ არაბულის, იგივე „მიხა პაპას“ გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ამა წლის 14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, ,,მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა. იგი დღეს, 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც საღამოს ლოცვის შემდეგ შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი. 15 იანვარს, კვირას კი, მის ცხედარს დილის 8 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში. თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი“, – ნათქვამია საპატრიარქოს წერილში.