მარინა ეზუგბაია 36 წელია ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. იგი ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაიცნო – ის კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდის. გასაკვირი სულაც არ არის, რომ დღეს საქართველოში მისი სახელი და გვარი, დიდმა თუ პატარამ უკვე კარგად იცის. 64 წლის არის, დღე-ღამის განმავლობაში 3-4 საათი სძინავს. მკაცრი იმიჯი მისი სავიზიტო ბარათი სულაც არ არის. უმრავლესობამ სწორედ ასე გაიცნო, თუმცა ამ მკაცრი და ძლიერი ქალბატონის მიღმა, პირადი ტრაგედია იმალება.
ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პირადად მასთან ინტერვიუს ჩაწერა ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა. მასზე მისი მეგობრები და ოჯახის წევრები საუბრობენ. მომავალი პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. დედა, წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მშობლებს სამი შვილი – ეთერი, მარინა და კახა ჰყავდათ. სამი დედმამიშვილიდან მარინა შუათანაა. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ აქ არის. ყაზბეგის (წარსულში – პავლოვი) გამზირზე მდებარე ეს საავადმყოფო მისი მეორე სახლი გახდა.
25 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი რვა წლით უმცროსი ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ეს ტკივილი დღემდე ღია ჭრილობასავით აქვს და ამ საკითხზე იშვიათად, ან საერთოდ არ საუბრობს.
„მამაჩემი ტრაგიკულად რომ გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი. მახსოვს მაშინ ბებიას ვყავდი, როცა დედა და მარინა მოვიდნენ, შემიყვანეს ოთახში და მითხრეს, რომ მამა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მივხდი, რომ მარინას სახით მე მეორე მამა მყავდა. კახა მარინაზე 8 წლით უმცროსი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გაზარდა. მას შემდეგ მარინა ჩვენთვის მამა გახდა, ალბათ დედაჩემისთვისაც, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. მამიდაზე დაყრდნობილი ვართ მთელი ოჯახი და ყველა ვინც მის გარშემოა“ – ამბობს მისი ძმისშვილი მარიამ ეზუგბაია.
უფრო ვრცლად: