ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადამხტარი კაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა.
„დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.
„14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლახან გავრცელებულ განცხადებაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე „ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში“.