დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ვივა მედიდან” მიხეილ სააკაშვილის გასაჯაროებულ კადრებს ეხმაურება:
“მე თუ მკითხავთ, ჩემს პირად შეხედულებას მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ის არც თუ ისე პოზიტიური არის. მე უფრო მეტსაც გეტყვით, შედარებით, ბიძინა ივანიშვილს მასზე ბევრად უფრო კეთილსინდისიერ კაცად ვთვლი. და ამ პოსტს ვწერ სრულიად დამოუკიდებლად პოლიტიკური შეხედულებებისგან, მორალურად განვიხილავ ამ საკითხს. სანდრა, ქალი სხვა ქვეყნიდან, რომელიც ისე შეიყვარა ქართველმა ერმა, რომ თავისად მიიღო, ერთ დღეს ვნახეთ გულმოკლული, მაგრამ მაინც თავდაჭერილი.
ამ თავდაჭერილობის ჩრდილის ფასადაც არ ღირს მიხეილ სააკაშვილი. ამ უცხოელმა ქალმა, ქალური თავშეკავებულობის, უპირობო თანადგომის და მოთმინების საოცარი მაგალითი აჩვენა ყველას. და ყველა ქალისთვის გასაკვირად, ახლაც მის გვერდით დგას, მიუხედავად საქვეყნო დამცირებისა, რომელიც მეხის გავარდნასავით იყო, როდესაც ასეთ ქალზე უფრო მაღლა, ვინმე ლიზა იასკო დააყენა. დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი ვახსენე.
ეს კაცი ყოველთვის დაიმსახურებს ჩემგან სიმპათიებს საკუთარი ოჯახის ერთგულების გამო. თავისი ცოლი, ეკა, ბევრად თავაწეული ქალია ქმრის ერთგულების გამო. დამერწმუნეთ, მილიარდერს არ გაუჭირდებოდა ძველი ცოლის მიგდება და ახალი ლამაზმანებით ჩანაცვლება, მაგრამ ოჯახის ერთგული კაცია და ეს (გინდ ჭორიკნად მომიხსენიეთ) აღსანიშნავია. არც ლიზამდე დაუკლია სანდრასთვის დამცირება. თუ ეკა თავაწეულია ქმრის ერთგულების გამო, სანდრა გმირია ქმრის ღალატების მიუხედავად, რომ მაინც თავის ქმარს იცავს.
ჩემს თვალში არ არის სააკაშვილი როგორც კაცი, კარგი კაცი. არაკეთილსინდისიერი ადამიანია და კიდევ არაერთი მიზეზი მაქვს, რაზედაც შემიძლია ძალიან დიდ ხანს ვისაუბრო. კარგად მესმის მისი მცდელობების, რასაც ახლა ვხედავთ, მესმის მოლოდინებისაც და თუ ვინმეს გგონივართ ის სულელი იდიოტი, რომელიც ეკრანებიდან მოსმენილს, უწუ-პუწუ სენტიმენტებს ვყვები, ძალიან ცდებით. ისტორიის ხაზით ვუყურებ ამ საკითხს და ბევრად უფრო ფართო კუთხით აღვიქვამ ჩვენი სამშობლოს, ჩემი პატარა ქვეყნის მდგომარეობას.
არ მომწონს ეს კაცი, არაკეთილსინდისიერია ჩემთვის, მაგრამ ის თავისუფალი უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი და თუნდაც იბრძოლოს, მერწმუნეთ, ჩვენი საზოგადოება არც თუ ისე ბეცია, რომ თვითონ არ გადააფასოს… მართალია მათში ზოგი ფანატიკოსიც გამოერევა, რომელიც თვალებს და ყურებს დაიხშობს, თუმცა უმეტესად მაინც ყველას აქვს ამ არაკეთილსინდისიერების განცდა. ამიტომ გაათავისუფლეთ ის, რადგან ხალხს არ ეძლევა საშუალება სხვა ღირებულებებით დაუპირისპირდეს მას”, – წერს დომენიკ მანგო.