“იმედის” ოპერატორის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ოპერატორმა, თავს ვერ ვიმართლებ და ბოდიშიო, გაწევა მინდოდა და ზედმეტი მომივიდაო…
მე რაც ვნახე ვიდეოში – ხელი კრა, ძლიერად, იმდენად რომ ეს გოგო წაბარბაცდა, კინაღამ წაიქცა, მოახერხა წამოდგომა, თავი ხელში აიყვანა და გააგრძელა პირდაპირი ეთერი, თან ისე გააგრძელა, რომ “ტვ იმედის” კამერას აერიდა და თავის მაყურებელს ბოდიშიც უთხრა…
ადამიანი, თუ არ გინდოდა ხელის კვრა და გამოგივიდა, დავუშვათ, ხომ დაინახე, კინაღამ წააქციე და უსიტყვოდ გადავიდა სხვა ადგილას და გააგრძელა ლაივი, უნდა გაგიჩნდეს მყისიერად განცდა, რომ დააშავე და გამოსწორებას ეცადო.
ამის შემდეგ, რომ მიდიხარ, იქეთ ლანძღავ და აგინებ, ესე იგი, ბევრი გიკლია კაცობამდე და ადამიანობამდე.
ამიტომ არ მჯერა შენი ბოდიშის.
გეგონა, ალბათ, რომ რაკი “მთავარის” ჟურნალისტი ცემე, ტაშს დაგიკრავდნენ სამსახურში და შეიძლება კიდეც დაგიკრან ტაში ჩუმად, ხალხისგან ჩუმად, მაგრამ შენ თუ არ იცი, რა გრძნობაა, როცა შენ თავთან ხარ მართალი, არაფერს აქვს მნიშვნელობა.
კი, ცემა იყო ეგ, ხელის კვრა ნამეტანი ლამაზი სიტყვებია სამაგისოდ.
ამ ბოლო დროს, მომრავლდა ცემის “გაპრავება” ლამაზი სიტყვებით, მაგალითად, მასწავლებელი სახეში ხელის გარტყმას ასე ხსნიდა – სახეში ხელი მოვკიდე და შემოვატრიალეო, სახეში ხელი მოვკიდეო, ხალხო:( ცემა ქვია მაგას, ცემა:(
და ვინც უყურებდით და იცინოდით, იმათაც ბევრი გიკლიათ ადამიანობამდე, სამწუხაროდ.
პ.ს. ამბის გაგრძელება არ მქონდა ნანახი, საცემრად იწევს კიდევ პირდაპირ და უშვერი სიტყვებით იგინება:(
არავინ არავის ცემას არ გთხოვთ, ხალხო, არც მოძალადის, არავინ გთხოვთ, რომ მოძალადეებს დაემსგავსოთ, სხვა რამეს გეუბნებით, 30 ადამიანი რომ დგახართ და უყურებთ, ოცდაათივემ უნდა უთხრათ, რომ უზრდელია და არასწორად იქცევა, ხმა უნდა გაიღოთ და ეგრევე გაჩუმდება, ეგეთები ეგრევე ჩუმდებიან, პარალელურად, უნდა გამოიძახოთ პოლიცია და წააყვანინოთ. თქვენ თვალწინ ადამიანი ცემეს, მეორედ დაუპირეს ცემა და აგინეს და უნდა მოეკლა რეაქცია რომ გქონოდათ?“ – წერს თამო კეშელავა.