ნათია გიორგიძე ერთ-ერთია იმ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ 19 ქართველს შორის, რომელიც უკვე წლებია ინტერპოლმაც ვერ იპოვა.
1991 წლის 2 ოქტომბერს დაბადებული ნათია გიორგიძე 2010 წლის 31 ოქტომბერს, ქუთაისიდან გაუჩინარდა.
ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები გოგონა სახლიდან მეგობრის შესახვედრად გავიდა. ის უკანასკნელად სათვალთვალო კამერამ პუშკინის ქუჩის ჩიხთან დააფიქსირა. შებინდებისას იმავე ჩიხიდან გამოვიდა შავი X5-ის მარკის ავტომობილი, რომლის სანიშნე ნომერი კამერაზე არ ჩანს. ნათია დედა, რუსუდან გიორგიძე ეჭვობს, რომ გოგონა სწორედ იმ ავტომობილით გაიტაცეს… იმის გამო, რომ ჩიხი მდინარე რიონთან ჩადის, სამართალდამცველებმა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრეს. გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ რიონის პირას ნათიას პირადობის მოწმობა იპოვეს.
თუმცა, ორი წლის შემდეგ, 2012 წლის ივლისში ბაღდათელი ქალი, აზა მინდელი, სხვა პირებთან ერთად, საბერძნეთში არალეგალურად მიეგზავრებოდა. ისინი გზად, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, ედირნეს ოლქში, სასტუმრო “მერჯანში” გაჩერდნენ. სასტუმროდან აზამ მეუღლეს დაურეკა და შეშფოთებულმა უთხრა, რომ იმ სასტუმროში ცუდი ამბები ხდება, თუ აქედან გამოვაღწიე, ბევრს ცუდად წაუვა საქმეო. აქ სასტუმროში ქართველი გოგონა, ნათია გიორგიძე ჰყავთო. საუბრის დროს, ქმარმა ყვირილი გაიგონა და საუბარიც შეწყდა. როგორც ჩანს, ქალს ტელეფონი წაართვეს. მას შემდეგ კოტე მინდელი მეუღლეს ვეღარ დაუკავშირდა და დახმარება პოლიციას სთხოვა. რამდენიმე დღეში კი შეატყობინეს, რომ ქალმა თავი მოიწამლა და გარდაიცვალა.
Advertisement
ნათია გიორგიძის დედა ერთ-ერთ გამოცემასთან ჰყვება:
“იმ ავადსახსენებელ დღეს შინიდან დღის 12 საათზე გავიდა. ერთ საათში დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ყველგან მოვიკითხეთ და ვერსად რომ ვერ მივაგენით, პატრული გამოვიძახეთ. იმავე საღამოს, დაახლოებით 23 საათზე, ნათიას ტელეფონი ჩაირთო და მალევე გაითიშა. ნათია 31 ოქტომბერს დაიკარგა, 21 ნოემბერს ამავე ჩიხში მცხოვრებმა მისი პირადობის მოწმობა იპოვა.
უცნაურია, მოწმობა მთელი თვე ეგდო მიწაზე და შელახულიც არ იყო. სამაშველო სამსახურმა გაუჩინარებიდან 48 საათის შემდეგ იქაურობა დაათვალიერა, რამდენჯერმე რიონიც დააშრეს და მაშინ საბუთი ვერავინ ნახა? სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ნათია როგორ შედის ჩიხში. პირადობის მპოვნელმა განაცხადა, რომ საბუთში მითითებული გვარ-სახელის ძებნა სოციალურ ქსელში დაუწყია. ბაღდათში მოუძებნია ვიღაც ნათია გიორგიძე და მისთვის უკითხავს, პასპორტი ხომ არ დაგიკარგავსო. მოგვიანებით სამარშრუტო ტაქსით ბაღდათში გავემგზავრე. ტაქსიში ორი ქალბატონის საუბარს მოვკარი ყური. ჰყვებოდნენ, საბერძნეთში სამუშაოდ მიმავალ ბაღდათელ აზა მინდელს თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან სასტუმროში ქუთაისელი გოგონა, ნათია გიორგიძე შეხვედრია, რომელსაც უთხოვია, იქნებ ჩემებს გააგებინოთ, რომ აქედან გამაღწევინონო. ეს ყველაფერი აზას ქმრისთვის უთქვამს ტელეფონით. როგორც ქალების საუბრიდან შევიტყვე, რამდენიმე დღეში აზას მეუღლეს შეატყობინეს, თქვენმა მეუღლემ თავი მოიწამლა და საავადმყოფოშიაო. ბოლოს გაირკვა, რომ ქალბატონი გარდაიცვალა… ამ ქალბატონებს მინდელების მისამართი გამოვართვი… მისმა მეუღლემ, კოტე მინდელმა დამიდასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით უარყო… მივმართე სამართალდამცველებს, მიპასუხეს, – ეს საკმარისი მტკიცებულება არ არისო,” – აცხადებს რუსუდან გიორგაძე.
იმის მიუხედავად, რომ ცნობილია ქვეყანა, ოლქი, სოფელი, სასტუმრო, სადაც გოგონა იმყოფებოდა 2012 წელს, ასევე ცნობილი გახდა, რომ გოგონას პირადი მობილური ტელეფონი იმავე ღამეს ჩაირთო რამდენიმე წამით, ცნობილია სავარაუდო გადამყვანის სახელი (ქეთინო), ნათიას შესახებ დღემდე არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნა და ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
წყარო – itar.ge