ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “დაქირავებული მკვლელის” “პოსტს” აზიარებს. მისი თქმით, რომანტიკოსი და ლამაზი ბიჭები იბრძვიან ახლაც უკრაინაში – საქართველოსთვის.
“დაქირავებული მკვლელის” პოსტს ვაზიარებ. ასეთი ბიჭები იბრძოდნენ ყოველთვის საქართველოში. ასეთი ბიჭები იბრძვიან ახლაც უკრაინაში საქართველოსთვის. ასეთ ხალხს აცვივა ურდოს ბომბები. პოეტია, რომანტიკოსი და ლამაზია მისი სიცოცხლე, მისი რწმენები და იდეალები. სილამაზე კი ერთერთია, რის შექმნაც ადამიანად ყოფნას განაპირობებს.
ვაზიარებ და ვფიქრობ, იქნებ მართლაც არც ღირდეს ასეთი გმირების პოპულარიზაცია, როლურ მოდელებად ახალგაზრდებისთვის შეთავაზება. კიდევ მეტი გმირის გაზრდა სულაც არ ღირს იქნებ მართლაც? ვისაც რეალურად ომობანას ეზოში თამაშისასაც კი ნაკაწრი არ მიუღია არასდროს და სხვების სისხლით განიცდის აჟიტაციას და თრობას, არც ჯარში უმსახურია ან თვითონ და ან რომელიმე მათგანის შვილს, ყველაზე მეტს ის ხმაურობს, ფასი კი არაფრის იცის, გულში არაფერი უყრია და ეს რომ ასე არ იყოს, ავღანეთის გმირების დახვედრის კადრებით რომ იამაყეს, გაკვრით მაინც ახსენებდა ვინმე ირაკლის, ან ფოტოს მაინც გამოაჩენდა მისას, უბრალოდ რამეს მაინც დააფასებდა, განა რა სირთულე ესაა ჯანსაღ გარემოში? ერთმანეთის სამშობლო ხომ ერთმანეთი ვართ, წესით.
ხოდა ოცნებას ერთი “კარგი” ტენდენცია აქვს, გეუბნება, არა ვარ გმირი და შენც გეუბნები, არ იყო გმირი, სისულელეა გმირობაო. სისულელეა, რადგან შენ მოკვდები და მე გავმდიდრდები, ხომ ხედავო? ნუ, როდესმე მეც მოვკვდები ალბათო, თუმცა ადამიანებს ხომ მხოლოდ სხვისი სიკვდილის მოწმეობა შეგვიძლია, საკუთარი სიკვდილი ბუნდოვნად გვესმის ამიტომ. რაღაცნაირად პატიოსანი ქცევაა ოცნებისგან ეს ერთგვარად. უბრალოდ ყველა “პატიოსანი” სამშობლოს საძოვრადაც არ იმსახურებს. ადამიანად ყოფნა, მხოლოდ ჭამა და მზეს მიფიცხება არაა. მტერთან კუდის ქიცინზე აღარაფერს ვიტყვი. ჩვენ უსამშობლო ერი იმიტომ კი არ ვართ, რომ ემიგრაციამ მოგვიწია ბევრს, ან ტერიტორია ჩამოგვაკბიჩეს, უსამშობლო იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთი არ გვყავს, თორემ მთელ პლანეტაზე დაქსაქსულ ებრაელებს სამშობლო არასდროს დაუკარგავთ” – წერს ფანჯიკიძე
