აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტოვუზის რაიონში შეტაკებები არ ცხრება. ამ დრომდე არ ვრცელდება ზუსტი მონაცემები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ, თუმცა ორივე მხარის მიერ ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის გამოყენება იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ აღნიშნული შეტაკებები მასშტაბით 4 წლის წინანდელ აპრილის მოვლენებს უკვე აღემატება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე საბრძოლო მოქმედებების ამსახველ ვიდეოს, სადაც ჩანს უპილოტო საფრენი აპარატიდან გადაღებული კადრები, რომლის დროსაც საარტილერიო დანადგარებითა და ე.წ კამიკაძე-დრონებით ხდება სომეხთა საბრძოლო პოზიციებზე იერიშის მიტანა ტოვუზის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია სომეხთა საარტილერიო დივიზიონის სამეთაურო პუნქტი. შეტაკებების შედეგად მძიმედ დაშავდა 10 სომეხი სამხედრო, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 5-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
ოფიციალურად უკვე 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი ჯარისკაცია გარდაცვლილი საბრძოლო მოქმედებების შედეგად. სიტუაციას აგრეთვე ძალზე ამძმებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელთა აქტიურ ჩართულობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი.
ქალაქ სუმგაიტში აზერბაიჯანელთა მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც ათიათასობით ადამიანი სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებასა და სადამსჯელო ოპერაციების განხორციელებას ითხოვდა. ანალოგიური ხასიათის აქცია სხვა ქალაქებშიც გაიმართა, სადაც ადამიანები მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებენ არმიას და ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
აქციაზე ისმოდა შეძახილები: „მოგვეცით იარაღი“, გამოაცხადეთ საომარი მდგომარება, ყარაბაღი აზერბაიჯანია, არავინ წავალთ სახლში“.