გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძის დედა სოც.ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“უპირველესად, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას…
ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად ვთვლი, ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო განმარტება გავაკეთო.
ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც ისედაც ტყუილებს ავრცელებს და სიმართლე არ აინტერესებს, ამ დღეებში კი ტყუილი ნამდვილად ბევრი ითქვა. შემაძრწუნებელია, რომ ასეთ ფაქიზ თემას ზოგიერთი მედია ისე აშუქებს, რომ არც გარდაცვლილის ოჯახზე ფიქრობენ, არც დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და არც ეთიკა გააჩნიათ.
არაფერი მაქვს დასამალი და მზად ვარ, ყველა გაჩენილ დამატებით კითხვას ვუპასუხო.
უპირველესად, საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ნინო ჩემი ბიძაშვილია და ეს მეამაყება.
რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს. ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა , მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი. მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა.
ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით!
112 -ს ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი.
რაც შეეხება “დაქირავებულ ფოტოგრაფს”- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა…
ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი,მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი.
მადლობა ღმერთს, რომ შეძლო იმ შენობისთვის თავი შეეფარებინა, თორემ, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა! ნეტა, გიორგიც გადარჩენილიყო…
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს.
ვინც ეხლა განსჯის იაკობს და ტყუილებს უვრცელებენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ და გაანალიზონ, ვის აწყობს ეს ყველაფერი და რატომ ატყდა ასეთი ამბავი ერთ ზარზე პოლიციაში? ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული???
ის დაზარალებულია და მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ? იაკობი გარდა იმისა, რომ ამ საქმის დაზარალებულია, ის დღეს უკვე ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია… ეს დაუშვებელია! იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და სიმართლეს ფარდა აეხდება!”