ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთმტკიცება ამოიღეს.
ამ მტკიცებულებების შესახებ საუბარია გამომძიებელ გრიგოლ გოგოჩაშვილის შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც. ეს დოკუმენტი 25 ივნისით თარიღდება და ირკვევა, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში ხელახლა ჩატარდა.
გამოძიებამ ამოიღო წყლის ბოთლი, წინდა და ფეხსაცმლის ჩასაფენი. საინტერესო გარემოებაა, რომ ამ კუთხით გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. ამოღებულ ნივთმტკიცებებს ექსპერტიზა უტარდებათ იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის ისინი.
დათვალიერების ოქმი:
„…ტყე-ბუჩქნარში ნანახი იქნა ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი, ეტიკეტით “ბორჯომი”. ბოთლს ახურავს თავისივე თავსახური და მასში მოთავსებულია გამჭვირვალე ფერის სითხე, რომელიც ბოთლში ასხია დაახლოებით ბოთლის ნახევრამდე…
აღნიშნული ბოთლიდან, დაახლოებით, 10-13 სმ-ში ხელმარჯვნივ ნანახი იქნა შავი ფერის ფეხსაცმლის ჩასაფენი… ზემოხსენებული ბოთლის მოპირდაპირე მხარეს ბოთლიდან დაახლოებით 15 სმ-ში ნანახი იქნა ერთი ცალი შავი ფეხასაცმლის ჩასაფენი, რომელთან ახლოს ასევე იყო შავი ფერის წინდა…“ – წერია დათვალიერების ოქმში.