თაკა კაკულია დიდი ხანია „კომედი ჯგუფის“ წევრია. თუმცა ახლა მის ცხოვრებაში ახალი და როგორც ამბობს, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი დაიწყო.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ „თბილისელებს“ მისცა.
„ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ასე სპონტანურად დაიწყო. არ მიყვარს გამოწვევებზე უარის თქმა. თუ გამოწვევა მხიბლავს – მით უმეტეს. ახლის სწავლის შანსს არასდროს ვუშვებ ხელიდან. ამიტომაც დავინტერესდი ამითაც. თუმცა, ოჯახის წევრებს მაინცდამაინც არ გაუხარდათ. მეუბნებოდნენ, შენ საერთოდ სხვა ტიპაჟი ხარ და სხვა გზას უნდა გაჰყვეო. მანამდე სამართალს ვსწავლობდი და ჩემებს, ასევე მეც, შესაბამის სფეროში წარმოვედგინე. მაგრამ, როცა ამ საქმის კეთება დავიწყე, ძალიან მომეწონა და არჩევანიც შესაბამისად გავაკეთე. ამას არ ვნანობ, თუმცა, ახლა უკვე ახალ საფეხურზე ვარ და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავარ.
– რას გულისხმობ?
– სერიალს ვიწყებ, რომლის პროდიუსერიც ვარ, სცენარისტიც და მსახიობიც. ეს სერიალი ორი გოგონას თანაცხოვრებაზე იქნება. მეორე გოგოს როლს ნინი მოხევიშვილი შეასრულებს. დღევანდელ რეალობაზე მორგებული, თანამედროვე სერიალი იქნება. ძალიან მიხარია, რომ იმის კეთების საშუალება მომეცა, რაც მართლა მაინტერესებს. „კომედი შოუში“ მაინც ვერ ვპოულობდი ჩემს თავს, ვფიქრობდი, რომ ჩემი არ იყო, მაგრამ რაღაცას ველოდი. ეს რაღაც ზუსტად ეს სერიალია. „კომედი შოუს“ კი დავემშვიდობე.
– სულ მესმის შენზე, ეს გოგო ძალიან „სწერვა“ იქნებაო. როგორი ხარ რეალურად?
– „სწერვა“ არ ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი იერი მაქვს. სანამ გამიცნობენ, ჰგონიათ, რომ ცოტა ასეთი ვარ. სინამდვილეში, ადამიანებს ძალიან მეგობრულად ვუდგები. მით უმეტეს, თუ ეს ადამიანები ჩემდამი კარგად არიან განწყობილი და თუ – ცუდად, მაშინ, რა თქმა უნდა, თავზე ვერავის დავაბიჯებინებ. საჭიროა, ესეც იცოდე და ხანდახან “სწერვობაც” საჭიროა, მაგრამ მაინც დადებითი ადამიანი ვარ. რომ გამიცნობენ, ყოველთვის მეუბნებიან, მე შენ სულ სხვანაირი მეგონეო. არ ვიცი, ეს „სულ სხვანაირი“ როგორია, მაგრამ როგორიც ვარ, ასეთი ვარ.
– შენი ვიზუალის განხილვაც ხშირად მომხვედრია თვალში. არავინ დავობს, რომ გამორჩეული გარეგნობა გაქვს, მაგრამ დავობენ იმაზე, რა არის ბუნებრივი და რა – არა. ვუპასუხოთ.
– ტუჩში მაქვს ფილერი გაკეთებული. პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, მხოლოდ თავს ვუვლი. ცხვირიც ჩემია და სხვა ყველაფერიც. ვერ ვხვდები იმ ადამიანების მოსაზრებას, ვისაც არ მოსწონს, თუნდაც, ის, რომ ტუჩზე ფილერი მაქვს გაკეთებული. მე მომწონს ეს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე ვიყო კომფორტულად საკუთარ თავთან. ამ საკითხზე სხვა ადამიანის კრიტიკა რატომ უნდა მაინტერესებდეს ან მათ რატომ უნდა გაუჩნდეთ ამის სურვილი? თუმცა, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისაც შენი გარეგნობა არ მოეწონება, არავინ არის ისეთი, ყველას რომ მოეწონოს.
– როგორც ვიცი, დაქორწინებული ხარ.
– კი, დაოჯახებული ვარ. დაოჯახებაც სპონტანურად გადაწყდა. 20 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით, ახლა 23-ის ვარ. ძალიან კარგია, თუ ცხოვრების მეგზურად სიყვარულს აირჩევთ, მაგრამ სიყვარულს, მით უმეტეს, როცა დაოჯახებული ხარ, განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა სჭირდება. ეს ძალიან რთულია, თანაცხოვრება არ არის მარტივი, ორი ინდივიდუალური ადამიანი უნდა შეეჩვიოს ერთმანეთს. სამი წელია, ოჯახი გვაქვს და სამივე წელი რაღაცების დასალაგებლად დაგვჭირდა. ვფიქრობ, რომ უფრო გააზრებულად უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი და ცოტა გვიან ასაკში, მაგრამ რადგან ყველაფერი დავალაგეთ და უკვე კარგად ვართ, ახლა განვლილი სირთულეების გამო აღარ ვჩივი (იცინის). მართლა რთულია – ბაბუაწვერასავით ნიავი არ უნდა მიაკარო, რომ არ გაგიფრინდეს, მაგრამ დროდადრო სწავლობ ამ ყველაფერს.
– უამრავი თაყვანისმცემელი რომ გყავს, რაც სოციალურ ქსელშიც ძალიან კარგად იგრძნობა, ამაზე არ ეჭვიანობს?
– არ ეჭვიანობს, მაგრამ ხანდახან აქვს ხოლმე „გამოხტომები“ – ეს ვინ არის, ასეთ კომენტარებს რომ გიწერსო?! (იცინის) ვეუბნები, რომ მე პოპულარული ადამიანი ვარ და ყოველთვის გამოჩნდება თაყვანისმცემელი, ვინც რაღაც კომენტარს დამიწერს. ამას რომ ჩავუჯდეთ და ამის გამო ვიკინკლაოთ, ძალიან ცუდი იქნება. თვითონაც ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს შეხება და ამის გამო მარტივად ესმის.