„როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა. ისეთი მებრძოლი კაცია, სამას მეერთე არაგველი მგონია. ეს ახალგაზრდა ლიდერი არის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი და მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალია“, – ასე დაახასიათა ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიების საერთო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა დანარჩენი 5 კანდიდატის თვისებებზეც ისაუბრა.
„ერთადერთი პოლიტიკოსი დედამიწაზე, რომელიც ხელისუფლებამ ელექსტროსამაჯურით ატარა, დასაჯა, დეპუტატობა წაართვა და პასუხისგებაში მისცა. ამ პიროვნებამ აჩვენა თავისი მამულიშვილობა მთელ მსოფლიოს – ეს გახლავთ ნიკა მელია.
ყველა ვამაყობთ რეფორმებით, რომელიც საქართველოში გატარდა, განსაკუთრებით იუსტიციის სფეროში. ამ რეფორმების ინიციატორი და ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია გიორგი ვაშაძე.
მე რომ ვცხოვრობდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ხმას მივცემდი ისეთ უფლებადამცველს, ისეთ იურისტს, დახვეწილ ინტელექტუალსა და ინტელიგენტს, როგორიც შალვა შავგულიძეა.
თქვენი მონა-მორჩილი ბრუნდება თავის სამშობლოში – თავის პოლიტიკურ აკვანში – ნაძალადევის რაიონში – სწორედ ნაძალადეველთა უდიდესი დამსახურებაა, რომ 30 წელია, ლეიბორისტული პარტია არსებობს როგორც ძალა, რომელიც იბრძვის ქვეყნის განვითარებისთვის. მადლობა კოლეგებს, რომ მხარი დამიჭირეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.