შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იხსენებს პერიოდს, როდესაც შალვა რამიშვილი ციხეში იყო.
“ერთი ამბავი უნდა გავიხსენო ჩემი წარსული ცხოვრებიდან. ეს ამბავი უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ყველაზე კრიზისულ პერიოდს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანისა და სხვა ახალგაზრდების გახმაურებული მკვლელობებით დაიწყო, გაგრძელდა მაშტაბური სახალხო პროტესტების დარბევებით და 2008 წლის ომით დაგვირგვინდა.
ქართულ პოლიტიკაზე წლებია აღარ ვსაუბრობ საჯაროდ, ამიტომ მშრალად შევეხები ფაქტებს, ხოლო ვისაც მეტი კონკრეტიკა დააინტერესებს, უამრავი მასალაა ინტერნეტში და თავადაც ნახავს.
2007 წლის 3 ნოემბერს დაწყებული ხალხმრავალი პროტესტი რუსთაველზე, 7 ნოემბრის დილას სასტიკი დარბევით დამთავრდა, იმავე ღამეს კი “იმედის” ტელევიზია დაარბიეს და დახურეს. ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იმდენად მძიმედ შეფასდა, რომ სააკაშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო და რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა. 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა არჩევნები, სადაც ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა. მის ინაგურაციამდე კი ბურჯანაძე ინარჩუნებდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.
ამ პერიოდში ინგა გრიგოლიას მიყავდა რეიტინგული თოქშოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და არჩევნების მეორე დღეს, როცა ხალხის მღელვარება პიკში იყო, მთელი საქართველო ელოდა ამ გადაცემას, სადაც ბურჯანაძე უნდა გამოსულიყო.
პირველი ბლოკი კი ბურჯანაძის გამოსვლას ეთმობოდა. გადაცემის დაწყებამდე ინგას ვთხოვე, იქნებ საგრიმიოროში შემახვედრო ბურჯანაძეს, როგორც მოქმედ უმაღლეს პირს რომ ვთხოვო, შალვას გათავისუფლება-თქო. ინგამ უცებ მითხრა: – “დარბაზში რომ იჯდები მისი გამოსვლისას, ადექი და პირდაპირ მიმართეო.” ეს იყო სრულიად სპონტანური გადაწყვეტილება, რომელმაც საშინლად დამძაბა და ბურჯანაძის მონოლოგის დასრულებისას, უკვე ისეთი განერვიულებული ვიყავი, რომ მივხვდი, ვერ შევძლებდი საჯაროდ პირდაპირ ეთერში მიმართვას.
გვერდით ჩემი საყვარელი მეგობარი მეჯდა – მიშა გასიტაშვილი, რომელმაც ჩემს მაგივრად ასწია ხელი და ფეხზე ძალით ამაყენა. დაბნეულმა და აკანკალებულმა ძლივს მოვახერხე ერთი წინადადების თქმა: “შალვას ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს, სამი პატარა შვილით ძალიან მიჭირს ცხოვრება მარტოს, როგორც დედამ გამიგეთ და გაათავისუფლეთ, თქვენ ხომ შეგიძლიათ ეხლავე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება-თქო”, თან გული მებჯინებოდა ყელში. ხელში დიდი წვალებით, კარდაკარ სიარულით შეგროვებული ხელმოწერები მეჭირა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე საზოგადო მოღვაწეებიც მიჭერდნენ მხარს. ბურჯანაძე ისე დააბნია ჩემმა გულწრფელმა თხოვნამ, სადაც არ იყო არანაირი პოლიტიკური პათოსი, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ქალის ტკივილი, რომ დამეთანხმა – “აუცილებლად გავათავისუფლებთ, ოღონდ არ ვიცი რა დრო დასჭირდებაო.”
გადაცემიდან რომ გამოვედი, ტელეფონზე 300 ზარი და მესიჯი დამხვდა, მირეკავდა უამრავი უცნობი ადამიანი და დახმარებას მთავაზობდა, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ჩემი სპონტანური გამოსვლა.
იმ ღამეს, გვიან დამირეკა ერთმა ცნობილმა პიროვნებამ და მითხრა: “ახლა ვსხედვართ მიშა და სხვები და ვმსჯელობთო, შალვას გამოშვება პოლიტიკურად კი აწყობს მიშას, მაგრამ გარანტიას მოგვცემთ რომ გაჩერდებაო? გიგი უგულავა ამბობს, არაა სანდო და დავტოვოთ ციხეშიო.” მე ვიფიცე, ოღონდ გამოუშვით და ქვეყნიდან წავალთ-მეთქი, სხვა რა შემეძლო…
მეორე დღეს შალვამ დამირეკა და მეჩხუბა, რატომ დაიმცირე თავი, ხალხი იფიქრებს, რომ მე დაგავალეო. რამდენიმე დღეში კი შალვას მიმართვა გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში სათაურით – “არ გაბედოს მოქალაქე სააკაშვილმა ჩემი შეწყალება.” რა თქმა უნდა არც შეუწყალებიათ, სრულად მოიხადა მან მისჯილი 4 წელი.
რაც მოვყევი ასე იყო ეს ამბავი, რომლის მოწმეცაა ინგა, მიშა გასიტაშვილი, ის პიროვნება ვინც დამირეკა და თავად სააკაშვილი, გიგი უგულავასთან ერთად.
ეს ამბავი დღევანდელი ხმაურის გამო მოვყევი. ეკა კვესიტაძე ამბობს შალვამ ითხოვა შეწყალებაო და მე მიმოწმებს, უგულავა კი წერს, რომ შევიწყალეთო.
არასოდეს მომიყოლია ეს ამბავი და კიდევ უამრავი რამ, მაგალითად ის, რომ შალვას დაჭერამდე ერთი თვით ადრე ერთერთი მაღალჩინოსანი მაფრთხილებდა, მაქვს ინფორმაცია რომ შალვას დაიჭერენ, თუ არ შეწყვეტს 202-ის ეთერში “60 წუთის” მიერ გადაღებული ფილმის ტრანსლაციას, ჟვანიას მკვლელობის შესახებ, სადაც ამერიკელი ექსპერტების დასკვნაც იდო – “სხეულში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება არ იყო საკმარისი მისი გარდაცვალებისთვისო”. ამ ფილმს შალვა თითქმის ყოველ დღე უშვებდა ეთერში, რაზეც მიშას საშინელი რეაქცია ქონდა თურმე. შალვას დაჭერისთანავე ამ ფილმის ავტორმა შვეიცარიაში ითხოვა თავშესაფარი პოლიტიკური სარჩულით.
მე არც შალვას ვაფასებ და არც სხვას, დავწერე სიმართლე როგორც იყო და შეფასებები თქვენ გააკეთეთ.
არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, ვწუხვარ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე და ძალიან მინდა, როდესმე მაინც შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქციელებზე და სიმართლით ცხოვრება. ყველას ვუთანაგრძნობ განურჩევლად შეხედულებებისა და ვოცნებობ ჩენი საზოგადოების დიდ შერიგებაზე, რომელიც მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვენი პრიორიტეტი ქვეყანა და ხალხი გახდება”. – წერს თეა აბაშმაძე.