მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციონერ დეპუტატებს – მიიღეთ გაუპატიურების სწორი და თანამედროვე დეფინიცია! თანხმობის არარსებობის/ნაკლოვანების შემთხვევაში ყველა სქესობრივი აქტი არის გაუპატიურება! – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
აქვე, პატარაია 25 ნოემბერს ტრადიციულ აქციას აანონსებს, რომელიც გაუპატიურების შემთხვევაში დამნაშავის დასჯას შეეხება.
“ჩაიარა დიდმა გასართობმა ღონისძიებებმა და დარჩა არაერთი გაუპატიურებული ქალი და გოგო, მათ შორის, მალულად ჩაყრილი ისეთი ნარკოტიკის წყალობით, რომელიც ფაქტობრივად, თიშავს და მეხსიერებას უქრობს ადამიანს. მე შემეძლო აქ დამეწერა, რა სიფრთხილის ზომები უნდა მიიღონ ქალებმა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ისევ ქალებს ავკიდო ზურგზე დამატებით უსაფრთხოების ზომები მაშინ, როცა ისედაც სულ შიშში და სიფრთხილეში ცხოვრობენ.
ამის ნაცვლად ხაკხს მოგიწოდებთ: გაზარდეთ კაცები! ასწავლეთ ქალისაგან თანხმობის მიღების მნიშვნელობა და აუცილებლობა! „გაზარდეთ“ არ მიემართება დედებს ამ შემთხვევაში, „გაზარდეთ“ მიემართება მამებს, ბიძებს, ძმაკაცებს, სკოლას, მეზობლებს, დამსაქმებელს… კაცებს ყველაზე მეტად სწორედ სხვა კაცები ზრდიან მენტალურად!
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციონერ დეპუტატებს – მიიღეთ გაუპატიურების სწორი და თანამედროვე დეფინიცია! თანხმობის არარსებობის/ნაკლოვანების შემთხვევაში ყველა სქესობრივი აქტი არის გაუპატიურება! ასეა ყველა საერთაშორისო სტანდარტით და ასე უნდა იყოს საქართველოშიც!
მოვუწოდებ დიდ კლუბებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ უგონო ან უკიდურესად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ. გადაიყვანონ ისინი საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ნებაყოფლობით არ ხდება ადამიანის ამ კონდიციაში ჩავარდნა. არ აქცევენ ამას ყურადღებას დღეს კლუბები და არაერთი ქალის გაუპატიურება ხდება ამ სივრცეში.
გაიღვიძოს და გონზე მოვიდეს განათლების სამინისტრო, რომელიც დღემდე საპატრიარქოს ტყვეობაშია და ხმას ვერ იღებს სქესობრივ განათლებასა და სხეულებრივ უსაფრთხოებაზე და გენდერულ ძალადობაზე. სწორედ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ძალადობის ამოცნობა, თავის დაცვა და თანხმობის არსის და ქალთა უფლებების სწავლება.
ეს არაა ჰელოვინის პრობლემა, ახალ წლებში, ქორწილებში და დაბადების დღეებზეც იგივე ხდება – გოგოების და ქალების მოტყუებით დათრობა სხვადასხვა საშუალებით, მერე მათი გაუპატიურება და მერე დაუსრულებელი ყროყინი, რომ მოძალადე არაფერ შუაშია! მთვრალ და მით უმეტეს, უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სექსი არ სურს, გამოძინება სჭირდება და მერე ფხიზელზე მოიფიქრებს, ვისთან რა ურთიერთობა გააბას!
გაუპატიურება არის ძალიან, ძალიან, ძალიან გავრცელებული დანაშაული და წელიწადში მხოლოდ 100-200 ქალი ბედავს პოლიციაში დარეკვას. ამიტომაც არიან გაბლატავებულები კაცები! დაუსჯელობა ახალისებს დანაშაულს! ჩვენ გარშემო არიან სერიული რეპისტები (გამაუპატიურებლები), რომლებიც cool ტიპებად გვევლინებიან და ყველა მათთან ძმაკაცობს.
ეს უნდა დასრულდეს!
25 ნოემბერს ისევ ქუჩაში გამოვალთ ქალები და კიდევ ერთხელ ხმამაღლა მოვითხოვთ გაუპატიურების აკრძალვას და დასჯას. დღეის მდგომარეობით, გაუპატიურების ნახევარი დანაშაულადაც კი არ ითვლება და ეს სამარცხვინოა!“- წერს ბაია პატარაია.