“გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ბ-ნმა ალეკო თავართქილაძემ ოფიციალურად ეჭვქვეშ დააყენა ჩემი ინფექციონისტობა?! და ასე განსაჯეთ კლინიცისტობაც კი?! მას შემდეგ, რაც მე მას და მის მენტორებს კატეგორიული უარი ვუთხარი სტანდარტული წესებით დადგენილი პრე-კლინიკური და კლინიკური კვლევების (trial) ჩატარების გარეშე პრეპარატ სულაჟერის COVID-ის სამკურნალო ნაციონალურ პროტოკოლში შეტანაზე და პრაქტიკაში ფართოდ დანერგვაზე (ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა). ერთი შეხედვით ჩემი ინფექციონისტობის და კლინიცისტობის ეჭვქვეშ დაყენება საღ აზრს იმდენად სცილდება, რომ მისი სერიოზულად აღქმაც კი ძნელია. მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოიქცა და ეს სოციალურ ქსელებში ყველამ წაიკითხა. უფრო მეტიც, მან მოითხოვა ჩემი ლიცენზიები და სერტიფიკატები?! აგრეთვე, თუ რა პოსტდიპლომური კურსები მაქვს გავლილი?! მე არ ვიცი ეს გენიალური აზრები ვინმემ უკარნახა, თუ თავისით მოიფიქრა, მაგრამ როგორც სჩანს, ძალიან გაუჭირდა და მთლიანად გავიდა მომსახურების ზონიდან. ვინ არის და რა უფლებით ითხოვს ბატონი ალეკო – გესტაპოა, КГБ, თუ კიდევ სხვა? მე რა, კლინიცისტის და ინფექციონისტის ნაცვლად ვეტერინარი ან სულაც მეეზოვე რომ ვიყო, ეს მას უფლებას მისცემდა, რომ წესების და კანონის გვერდის ავლით გამოეყენებინა COVID ავადმყოფების სამკურნალოდ შეუსწავლელი პრეპარატი და რისკის ქვეშ დაეყენებინა მათი სიცოცხლე? მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა, ალბათ ჩათვლის, რომ ასეთ ნონსენსზე პასუხის გაცემაც კი არ ღირს. მაგრამ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მინდა, მაინც ვუპასუხო.
მეტი დამაჯერებელობისთვის ბ-ნმა ალეკომ ასევე გამოაქვეყნა ექიმ ინფექციონისტების 14 კაციანი სია და აღნიშნა, რომ ისინი უდიდესი კლინიცისტები არიან, რითაც, ალბათ მიმანიშნა, რომ მე მათთან ახლოსაც ვერ მოვალ და შესაბამისად, სიტყვაც არ მეთქმის. სხვათაშორის, მას არ გაახსენდა, რომ სულ ახლახანს ჩვენი ცენტრის 9 ექიმი, მათ შორის ახალგაზრდა პროფესორები, რომლებიც ბ-ნი ალეკოს 14 კაციან სიაში არ შედიან, საორგანიზაციო კომიტეტის მიწვევით და დაფინანსებით მონაწილეობდნენ ქ. ბრიუსელში, დიდ საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის თავმჯდომარეების და მომხსენებლების რანგში და ძალიან აქტიური როლი შეასრულეს აივ/შიდსის და ჰეაპტიტების მკურნალობის და მოვლის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში.
ტყუილად ირჯებით ბატონო ალეკო. საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პრე-კლინიკური და კლინიკური კვლევის (trial) გარეშე მხოლოდ ქართულ ჯიგრულ პონტში ჩატარებული კვლევებით საქართველოში ან რომელიმე სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში ახალი მედიკამენტის დანერგვას ვერ შეძლებთ (ეს სისხლის სამართლის დანაშაულია). თუ მაინცდამაინც გინდათ, რუსეთში ან სხვა რომელიმე მსგავს ქვეყანაში სცადეთ. რამდენადაც ვიცი, იქ ეს უფრო იოლია.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, ბოლოს და ბოლოს რა დაშავდება, თუ ამ მედიკამენტს ავადმყოფს მივცემთ, თუ არ მოუხდება, არც არაფერს დაუშავებს. ეს კატეგორიულად მცდარი მსჯელობაა. როდესაც შეუსწავლელი მედიკამენტით ვანაცვლებთ რომელიმე სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტს, მაგალითად პაქსლოვიდს, რემდესივირს, ანტივირუსული მონოკლონურ ანტისხეულებს, ტოცილიზუმაბს და ა.შ. (სათანადო ჩვენებებისას), ავადმყოფს ფაქტიურად პროაქტიური მკურნალობის გარეშე ვტოვებთ, რითიც ვზრდით მის დამძიმების და გარდაცვალების რისკებს.
ახლა ჩემს საქმიანობაზე:
მე კლინიცისტი ვარ ინსტიტუტის დამთავრებისთანავე – 1972 წლიდან. ჯერ გავიარე კლინიკური ორდინატურა (მაშინ რეზიდენტურის ინსტიტუტი არ არსებობდა) შინაგან სნეულებებში, შემდეგ ასპირანტურა კარდიოლოგიაში. ამავე სპეციალობაში დავიცავი დისერტაცია. შემდეგში დავინტერესდი კლინიკური იმუნოლოგიით და აივ/შიდსით. შესაბამისად, შევიცვალე სპეციალობა და გავხდი ინფექციონისტი და კლინიკური იმუნოლოგი. 1995 წელს ჯანმო-ს სტიპენდიით გავიარე 4-თვიანი კლინიკური ტრენინგი შიდსსა და სხვა ინფექციურ დაავადებებში ქ. პარიზში, როტშილდის ჰოსპიტალში პროფესორ Willy Rosenbaum-თან, ხოლო 1996 და 1997 წლებში 8-თვიანი კლინიკური სტაჟირება ქ. ნიუ იორკის ორ წამყვან ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში, მათ შორის ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) მაშინდელი პრეზიდენტის Donald Armstrong-ის კლინიკაში. სხვათაშორის IDSA-ს წევრად სწორედ მისი რეკომენდაციით მიმიღეს და პირველი წლის საწევროც პირადად მან გადამიხადა. საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატები მიღებული მაქვს 2001 წლის 30 აგვისტოს სპეციალობაში – ინფექციური სნეულებანი (N 018048), სპეციალობაში – ალერგოლოგია-იმუნოლოგია (N 018050) და სპეციალობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია (N 018049). მანამდე პარალელურად რამოდენიმე წელი ვიყავი კლინიკური ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში და კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორიის გამგე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ეს მე მეხმარებოდა ახალი მედიკამენტების შესწავლაში და კვლევის ახალი მეთოდების დანერგვაში. ბატონო ალეკო! თქვენც ხომ გაქვთ ლაბორატორია, თანაც თქვენივე სიტყვებით – „თბილისში ყველაზე მაგარი“? ეს რა, თქვენს კლინიცისტობას ეჭვის ქვეშ აყენებს? 2006 წლიდან ვარ თსუ-ს ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (სრული პროფესორი).
ჩემი საექიმო საქმიანობის მანძილზე, როგორც მკურნალ ექიმს და როგორც კლინიკის ხელმძღვანელს გატარებული მყავს რამოდენიმე ათეული ათასი ავადმყოფი. მარტო COVID-ის პანდემიის დაწყებიდან ჩვენს კლინიკაში გატარებული გვყავს 4300-ზე მეტი COVID ავადმყოფი და გარდა ამისა, მუდმივ კონსულტაციებს ვუწევდით 100-ზე მეტ COVID კლინიკას ქვეყნის მასშტაბით. მათვე ჩავუტარეთ საფუძვლიანი ტრენინგი COVID-ის კლინიკური მართვის საკითხებზე. ვარ COVID-19-ით კლინიკური მართვის ეროვნული გაიდლაინის ავტორი.
ჩვენი ძირითადი მიღწევები (მხოლოდ ძირითადი):
ჩვენი სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს პირველად ქვეყანაში დანერგილ იქნა პრაქტიკულად ყველა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევის მეთოდი: PCR დიაგნოსტიკა, უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის, მათ შორის სპეციფიკური (COVID და სხვ.) უჯრედული იმუნიტეტის განსაზღვრა, ვირუსის გენოტიპირება, გენომის სექვენირება, ტესტები რეზისტენტობაზე, ჰიპერმგრძნობელობაზე, ღვიძლის ელასტოგრაფია და ბევრი სხვ., რომელსაც დღეს წარმატებით იყენებენ ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებები.
ჯერ კიდევ 1984 წლიდან დავიწყეთ კვლევები აივ/შიდსზე (მაშინ, როდესაც ამ დაავადებაზე ევროპაში ძალიან ცოტამ იცოდა). 1990 წელს პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შევქმენით აივ/შიდსის ცენტრი და სპეციალიზებული სამსახური, რომლის ძალისხმევითაც საქართველომ, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართემასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. აივ/შიდსით სიკვდილობა საქართველოში 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. არ მეშლება, ნამდვილად ასეა. აივ/შიდსით ავადმყოფები ქვეყანაში დიდხანს და ბედნიერად ცოცხლობენ ცხოვრების კარგი ხარისხით, სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში, ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.
2015 წელს ჩვენ ვიყავით მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. ამ პროგრამით უკვე განიკურნა 80 ათასამდე ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი, ქვეყანაში აქტიური HCV ინფექციის პრევალენტობა შემცირდა 5.4%-დან 1.8%-მდე (65%-ით). არ მახსენდება არცერთი ცალკე აღებული ჯანდაცვითი პროგრამა (საყოველთაო ჯანდაცვა არ მაქვს მხედველობაში), რომელსაც ამდენი ავადმყოფის სიცოცხლე გადაერჩინოს. 2019 წელს საქართველოს პირველს მსოფლიოში მიენიჭა ევროპის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის სანიმუშო ცენტრის წოდება ვირუსულ ჰეპატიტებში. 2021 წელს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის გუნდი დაჯილდოვდა აშშ CDC/ATSDR-ს საპატიო ჯილდოთი. საქართველო აღიარებულია მსოფლიოს უპირობო ლიდერად C ჰეპატიტის ელიმინაციაში. სულ რაღაც 1 თვის წინ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ლიდერი ქვეყანის სტატუსით (“Georgia is now a global leader in hepatitis C elimination”) მიწვეული იყო ქ. ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასსამბლეის (UNGA) ფარგლებში C ჰეპატიტის ელიმინაციის ქარტიის/მეგობართა ჯგუფის დაფუძნებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრს ბ-ნ ზურაბ აზარაშვილს წილად ხვდა უდიდესი პატივი, მაღალი ტრიბუნიდან გაეცნო მსოფლიოსთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი და მიემართა მსოფლიო ქვეყნებისათვის, შემოუერთდნენ გაეროს ქარტიას/მეგობართა ჯგუფს. საქართველო ძალიან დიდი ალბათობით გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც 2025 წლისთვის დაასრულებს 21-ე საუკუნის ორ მთავარ ეპიდემიას: C ჰეპატიტს და აივ/შიდსს. იგულისხმება C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მინიმალურ ნიშნულზე (ნულთან ახლოს) დაყვანა.
მე ვხელმძღვნალობ COVID-ის მართვის კლინიკურ ჯგუფს. ბოლო თვეებში საქართველო ინარჩუნებს COVID გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე, 3-5 გარდაცვალება კვირაში, ანუ საშუალოდ 1 გარდაცვალებაზე ნაკლები დღეში, რაც COVID ავადმყოფების ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით პროაქტიური მკურნალობის შედეგია. ბოლო 6 თვის მანძილზე საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებალდ ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში მიაღწია მდგომარეობას, როდესაც COVID იმართება თითქმის როგორც რიგით რესპირაციული ინფექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად ვეღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე.
ჩვენ ვინარჩუნებთ მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით გარდაცვალების შემთხვევებს ძალიან დაბალ ნიშნულზე. ასე მაგალითად, მიმდინარე 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში გატარებული იქნა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 39 ავადმყოფი და ყველა მათგანი გადარჩა! ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობა 10%-დან 40%-მდეა. სხვათაშორის, ქვეყნის სხვა კლინიკებში მოხვედრილი 8 ავადმყოფიდან 3 გარდაიცვალა (37,5%).
ბატონო ალეკო! გთხოვთ, გვითხრათ, თქვენ თუ გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის იმის მეათედი მაინც, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მხედველობაში მაქვს რეალური საქმე რეალური შედეგით და არა ის დილეტანტურ-პოპულისტური წიაღსვლები, რელიგიურ-ლიტერატურულ და სამედიცინო თემაზე, რომლითაც თითქმის ყოველდღიურად ანებივრებთ თქვენს ფანკლუბს, რომლებიც პასუხად დითირამბებს გიძღვნიან.
გაკეთებულ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, თოთოეული მეცნიერის დონის და პროდუქტიულობის ძირითადი საზომია გამოქვეყნებული პუბლიკაციების სამეცნიერო ღირებულება, რომელიც ძირითადად ფასდება ე.წ. ციტირების ინდექსით და სხვა მსგავსი მაჩვენებლებით. შედით სხვადასხვა სისტემებში: Web of Science, Scopus, Google Scholar და სხვ. და ნახავთ, რომ თქვენი ნაშრომების ციტირების ინდექსი და შესაბამისად, ღირებულება კატასტროფულად ჩამორჩება ჩვენსას. გამაგებინეთ, აბა რატომღა ხართ დიდ გულზე და რატომ იქებთ გამუდმებით თავს? რამდენადაც ვიცი, სულაჟერი ახალი არ არის, 10 წელია გაქვთ და აქამდე არავის არაფერში გამოდგომია და ახლა გახდა რევოლუციური მედიკამენტი და მსოფლიოს გადამრჩენი? თუ მართლა ფიქრობთ, რომ ასეა, რატომ ამბობთ უარს ოფიციალურ კლინიკურ კვლევებზე და რატომ ცდილობთ მის დანერგვას პარტიზანული გზებით?
რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ ექიმ ინფექციონისტების სიას, რომელთა უმეტესობაც მართლაც კარგი ექიმია და რომლებსაც რატომღაც (სრულიად უადგილოდ) ჩვენ გვიპირისპირებთ, მე მარტივი კოლეგიალური მოსაზრებების გამო ამ საკითხს არ შევეხები. თითოეულ პიროვნებასა და ექიმზე არსებობს მყარად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი და თქვენი ტრიუკებით მას ვერ შეცვლით” , – წერს ცერცვაძე.