ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიიდან 5 დღე გავიდა.
13 წლის ლაზარე ლობჟანიძეს, რომელმაც მეგობრის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, რადგან მეხსიერების პრობლემა შეექმნა, მშობლებმა სასულიერო პირის დახმარებით, სამწუხარო ამბავი უკვე უთხრეს.
“ანდრია ახლა სახლშია, თან ყველაფერი ახსოვს. ლაზარეს მშობლებსაც მომხდარზე მან უამბო. გონება არ დაუკარგავს…
ლაზარემ ყველაფერი გაიგო. სოციალურ ქსელში შედის და დამალვას აზრი არ ჰქონდა, წაკითხულს სჯობდა, დედას ეთქვა მოძღვართან ერთად, რომ სწორად აღექვა.
თავიდან რომ ვეუბნებოდით, რომ მან გონება დაკარგა და საშიში არ იყო, ამ პასუხით დაკმაყოფილდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ საქმე რთულად იყო. შემდეგ დედამისს უთხრა, იმ ადგილზე ჩამიყვანე, სადაც ეს მოხდაო. ვაკის პარკის შესახებ არაფერი იცოდა, ეგონა, თავის სკოლასთან მოხდა, ჭავჭავაძეზე. ჩავიდნენ… დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, პატარა არ არის, 13 წლისაა. მითხარით, რამე დაავადება ხომ არ მჭირს და მაგას ხომ არ მიმალავთო… ამიტომ, დედა იძულებული გახდა.
რომ გაიგო, იმ წუთიდან ფიქრობს რა მოხდა, როგორ მოხდა, ნელ-ნელა ყველაფრის აღდგენას ცდილობს. თავისი მეგობრები, კლასელები მოდიან, სკოლაშიც იყო ჩასული. მამა შალვა კეკელიას აქვს ბავშვთან და ოჯახთან კომუნიკაცია, ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევაში ძალიან ეხმარება. დაჰპირდა, რომ სტიქარს ჩააცმევს. მოკლედ, მასთან მთელ კლასს აქვს ურთიერთობა – მამა შალვას დახმარებით, ყველას ერთად ეს ამბავი შედარებით მარტივად გადააქვთ. იმ საშინელ ტრაგედიას ნახევარმა კლასმა უყურა, დიდი სტრესი იყო.
მარიტას დასთან აქვთ კომუნიკაცია, ბავშვები ცდილობენ, რომ თავიანთი მეგობრობა შეინარჩუნონ. რთულია, მაგრამ იმედია, დაძლევენ, სხვა გზა არაა, უბრალოდ.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი კოტე ზარნაძე “პრაიმტაიმთან”.