22 მაისის შემდეგ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით აღარ მიმართავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდგომ მეორედ მივმართეთ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს ვადის გახანგრძლივებაზე.
დღს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღარ მივმართავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები რომელიც არის დაწესებული, ერთბაშად მოიხსნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 აპრილს კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის პრეზიდენტის დეკრეტით 3 ათასი ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული.
საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით: 11 მაისიდან გაიხსნა თბილისი; 14 მაისიდან – რუსთავი და გარდაბანი; 18 მაისიდან გაიხსნება მარნეული; 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა; 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნა ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის; პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.
ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.