ძიძები, მძღოლები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირთან მუშაობენ, დახმარებას ვერ მიიღებენ. ბარკალაიას თქმით, თვითდასაქმებულთა აღრიცხვა არ არსებობს, განსაკუთრებით, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების. მისივე განმარტებით, მოქალაქეები იურიდიული ცნობის საფუძველზე შეძლებენ დახმარებების მიღებას.
„ეს შეიძლება იყოს ცნობა სასურსათო მაღაზიიდან, რომელიც ადასტურებს, რომ იბარებდა კონკრეტული მცხობელის პროდუქციას, შეიძლება იყოს მაღაზიის ადმინისტრაციის ცნობა, რომ მას ჰქონდა ფართი ნაქირავები, შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება გადმორიცხვები და ა.შ.”, – ბარკალაია განმარტავს, რომ ეს ყველაფერი ჩაითვლება შემოსავლის დადასტურების წყაროდ, რომლის წარდგენის შემთხვევაში ადამიანები დახმარების მიღებას შეძლებენ.
მისი თქმით, ძიძები, მძღოლები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ. ფიზიკური პირის მიერ გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლება დამადასტურებელ საბუთად.
„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი”, – განაცხადა ბარკალაიამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თვითდასაქმებულთა და არაფორმალურად დასაქმებულთა რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. ონლაინპორტალი, რომელიც სპეციალურად აღნიშნულ პირთა რეგისტრაციისთვის იქმნება, მალე განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
ისინი, ვისთვისაც ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომი არ არის, მომსახურებას სოციალური მომსახურების ტერიტორიულ ორგანოებში მიიღებენ.