ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. კაცს, რომელიც ხუთი დღის წინ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. უკვე გამოვლენილია 15-მდე კონტაქტი, აქედან ხუთთან დაინფიცირებულს უშუალო ახლო კონტაქტი ჰქონდა. ყველა მათგანს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.
დაიწყება თუ არა სოფელში თერმოსკრონინგი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ეპიდემიოლოგები სოფელში მუშაობას დაასრულებენ. ინფორმაციას ადასტურებს იმერეთის გუბერნატორი, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში იმყოფებოდა და სამუშაო შეხვედრა გამართა.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით იქ ზომების გამკაცრება არ იგეგმება. თუკი ვითარება შეიცვლება, საჭირო ზომები გატარდება. ამ დროისთვის სოფელ ღვანკითში COVId-19-ით სამი ადამიანია დაინფიცირებული.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.