კორონავირუსი კლინიკა „თიმის“ კიდევ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს, აღნიშნულს ადასტურებს „თიმის“ (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი) დირექტორი გიორგი კაჭახიძეც.
მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამ შემთხვევაში არ არის ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა.
„ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. წყარო არის ერთ-ერთი თანამშრომელი. არა ის, ვისაც პირველად დაუდასტურდა ვირუსი, არამედ ერთ-ერთი ექთანი, რომელიც იყო ასიმპტომური და დღემდე უსიმპტომოა. როგორც ჩანს, ის არის წყარო. დაინფიცირებულები არიან მასთან ერთად წყვილში მომუშავე მედიკოსები“, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.
კლინიკა „თიმის“ დირექტორის თქმით, ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით დამატებით ვერაფერს იტყვის, ამას ეპიდემიოლოგები დაადგენენ.
„ინფორმაციაზე, რომ მამაოსგან გადაედო ექთანს, ვერაფერს გეტყვით. ინფორმაცია მაქვს, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში რაც ხდება, იმასთან დაკავშირებით. დანარჩენს ეპიდემიოლოგები დაადგენენ. ტესტი ჩაუტარდა ბევრ საეჭვო თანამშრომელს და დაუდასტურდა ამ დროისთვის სულ ხუთს. საბედნიეროდ, ჩვენი პერსონალისგან არც ერთ პაციენტს არ გადასდებია ვირუსი. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვაქვს“, – აღნიშნა კლინიკა „თიმის“ დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ.